Face-ამბები

ლევან ლორთქიფანიძე: ეს არის საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, რომელსაც არაერთხელ მოუტყუებია ქართველი ხალხი!

“სრულიად სამარცხვინო წარსულის კაცი მესამეჯერ პარტიას კი არ უნდა აარსებდეს, ჩუმად უნდა იყოს და საზოგადოებაში გამოსვლის უნდა ჰცხვენოდეს”, – ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის გახსნას პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

“მესამე პარტიას კი არ გამოიცვლის მხოლოდ, მესამე პარტიას დააარსებს. ჯერ ეკა ბესელიასთან ერთად “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ჩამოაყალიბა, შემდეგ კი ეროსი კიწმარიშვილთან, სოზარ სუბართან და გაჩეჩილაძეებთან ერთად “ქართული პარტიის” მოწინავე წევრი გახლდათ.

“ვარდების რევოლუციის” შემდგომ, პირველსავე ზაფხულს (2004) ბ-ნმა ირაკლიმ სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების შემოტევებს საშინელი ცეცხლითა და აგრესიით უპასუხა, აქაოდა საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, ეგებ ცხინვალამდე ტანკებით შევგრუხუნდეთო … შედეგად, ოცამდე ჯარისკაცის სიცოცხლე დავკარგეთ, რამდენიმე სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი ჩამოგვართვეს და ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ წინ.

ბუტა რობაქიძის ქუჩაში დახვრეტის დროს ის გახლდათ შს მინისტრი.

2006 წელს, ტყვიაველმა სოლომონ ბრძენმა მთელს საქართველოს პირობა მისცა, რომ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ყველანი ცხინვალში აღვნიშნავდით. ცხადია, ცხინვალში არაფერი აღგვინიშნავს. კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე სამინისტროსა და მოლაპარაკებებში ჩართულ ქართველებს კი სახელი გაუტყდათ და ოქრუაშვილის მინისტრობამდე სიმწრით განხორციელებული ყველა პროექტი, ნდობის აღდგენის ყველა მცდელობა წყალში ჩაეყარათ. ოქრუაშვილმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ საქართველოს წარუმატებელი მილიტარისტული ძალის სახელი დაუმკვიდრა. მეტი რა უნდოდათ რუს ოკუპანტებსა და სეპარატისტებს? ყველა საერთაშორისო ფორუმზე ხელმოცარულთა სამხედრო მცდელობებზე მოთქვამდნენ და დაგვცინოდნენ.

2007 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის ხელისუფლება კორუფციაში, ბადრისა და ჟვანიას მოკვლის მცდელობებში, ძალაუფლების უზურპაციასა და ათას საშინელებაში ამხილა. დაიჭირეს თუ არა ყველაფერი უარყო, თავი მატყუარად, სამშობლოს მოღალატედ და პროვოკატორად გამოაცხადა, გაიქცა პარიზში და ისევ ძველ ჩვენებას დაუბრუნდა. 
ვერავის განსჯი, შეიძლება საშინელებით დაემუქრნენ. უბედურება ის არის, რომ ვინც ენით აღუწერელი ტანჯვით დაემუქრა, მისი პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაში იყო ფეხებამდე გადაშვებული.

საადვოკატო პრაქტიკისა და სამთავრობო პოსტებზე მუშაობის გამოცდილების მქონე კაცი ათი წელი პარიზში უზრუნველად ცხოვრობდა? უცნობია, სად მუშაობდა, როგორ მუშაობდა, უძვირეს ქალაქში როგორ გაჰქონდა თავი. დრეიფუსის ადვოკატი არ ყოფილა. მინისტრობის დროს ხელფასიდან დანაზოგი გააკეთა და იმითი იცხოვრა ათი წელი ევროპის გულში მთელს ოჯახთან ერთად ???

2011 წელს მთელს საქართველოს რევოლუციისა და აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდა, ხალხს შემოუთვალა თქვენ დაიწყეთ და მეც ჩამოვალ, თუნდაც დამაპატიმრონო. მის ნაცვლად თვითფრინავმა თბილისში პალტო და “ბეზრუკავკა” (უსახელო ჯემპრე) ჩამოიტანა.

ირაკლი ოქრუაშვილი არის საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, რომელსაც არაერთხელ მოუტყუებია ქართველი ხალხი; რომელიც ცნობილია თავისი მერყევი პოზიციითა და ორპირობით; რომლის სიტყვის ფასი ნულს უტოლდება.

უნდა მივიღოთ კანონი, რათა საქართველოში 300 პარტიის ნაცვლად 20 პარტია გვქონდეს. მაშინ ყოველი მეორე ხეპრე ცალკე პარტიებს ვერ დაარეგისტრირებდა და ყველა ხეპრეს ერთი პარტია ექნებოდა”, –   წერს ლევან ლორთქიფანიძე.

მსგავსი მასალები