TOP

არჩილ თალაკვაძე: ეს ოპოზიცია იყო ხელისუფლებაში და შეეცვალათ საარჩევნო სისტემა, რა უშლიდათ ხელს?

„საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია – ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ – მათ თქვეს რომ ეს მეორეხარისხოვანია“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თლაკვაძემ დღეს პარლამენტში საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით მიმდინარე პირველ სამუშაო შეხვედრაზე გააკეთა.

„საკონსტიტუციო რეფორმის დროს სწორედ ჩვენ, მმართველმა გუნდმა, გადავწყვიტეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა – დღეს ეს ოპოზიცია ისე აჩვენებს ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს? მათგან განსხვავებით, ჩვენ ეს შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა მერე კი მოსწონთ და იყენებენ ყველა სიკეთეს, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოაქვს. სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია – კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ.

მიუხედავად ამისა, ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს

მსგავსი მასალები