მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც…

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„საქართველოში სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს და ჩვენს მოქალაქეებს უმცირესი საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ შემთხვევაში გადახედავს”, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

მსგავსი მასალები