Face-ამბები

“სიკვდილი მოვკალი, ადამიანებო!” – რას წერს ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამრცხა

“მე სიკვდილი მოვკალი, ადამიანებო. მე ის მოვკალი და თავიდან დაბადება არის ყველაზე დიდი, გრანდიოზული მოვლენა, რაც კი შეიძლებოდა ერთ სიცოცხლეში ჩამეტია და მომესწრო”,  – ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგზარდა ქალს, მარიამ სირბილაძეს, რომელმაც სიმსივნე დამრცხა.

მარიამმა გავლილი ურთულესი დღეების შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:
“ერთი რამე უნდა მოგიყვეთ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც შემეძლო კარადის კარი გამეღო და შიგნით ფერების მიხედვით დალაგებული და საკიდებზე განაწილებული ტანსაცმელისთვის საათობით მეცქირა. არ ვამეტებ, ვიჯექი და საათობით ვუყურებდი ღია კარადას. მერე სათითაოდ ჩამოვხსნიდი კაბებს და ისე რომ სარკეში საკუთარი ანარეკლი არ დამენახა, მკერდზე მივიდებდი, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი რომ ძალიან მიხდებოდა. ჩემს წარმოდგენებში ყველა კაბას ვუხამებდი ფეხსაცმელს, მძივებს, ჩანთას, სათვალესაც კი და ეს ხდებოდა ძალიან ხშირად, კვირაში სამი-ოთხჯერ მაინც.

 

ვიღვიძებდი შუაღამისას და ვუყურებდი ქალების ფოტოებს, იმ ქალების ფოტოებს როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. ლამაზი, გამხდარი, გრძელი თმით, მოვლილი, სასურველი, სექსუალური. არ ვოცნებობდი საკუთარი თავის დაბრუნებაზე, მინდოდა სხვანაირი ვყოფილიყავი, აი ამ ქალების მსგავსი, რომლების სახეების ცქერაშიც მეძინებოდა.
mshoblebi

ვიღვიძებდი დილით, ვიღებდი შხაპს, ვხარშავდი ყავას, ვიწებებდი წამწამებს ,ვიხატავდი წარბებს, ვიკეთებდი მაკიაჟს, ვირგებდი პარიკს, მივდიოდი სამსახურში, ექიმთან, თერაპიაზე და ასე გრძელდებოდა სრული შვიდი

თვე. შვიდი საზიზღარი თვე და ზოგჯერ მართლა არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა. უბრალოდ არ მინდოდა ასეთი მოვმკვდარიყავი, მოსულიყო ხალხი და ვერ ვეცვნე, არ მინდოდა სხვა ადამიანი დაემარხათ, თუ სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა.

ჩემი ყველა ფოტო იყო ახლოდან გადაღებული, სადაც კარგი მაკიაჟი მქონდა, პარიკი მეკეთა და ოდნავ მაინც ვგავდი იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ვიყავი. ყველა ფოტო იყო იმის მტკიცებულება, ყველა ჩემნაირი პაციენტისთვის, რომ არ უნდა დავმალულიყავით სახლებში, ოთახებში, საწოლებში, სადაც მხოლოდ სიკვდილის სუნი იდგა.
ლებში, ოთახებში, საწოლებში, სადაც მხოლოდ სიკვდილის სუნი იდგა.
mshoblebi
ქიმიოთერაპია გასულ 24 დეკემბერს დავასრულე და 27 დეკემბერს საქართველოში ჩამოვედი. დავდიოდი ქუჩებში და ადამიანები ვერ მცნობდნენ, მეზობლები ვერ მცნობდნენ, კლასელები, მეგობრებიც კი. ეს ძალიან მტკივნეულია, იმდენად მტკივნეული, რომ გინდა გაქრე, ისე გაქრე თითქოს არც არასდროს გიარსებია. მიყურებდნენ ჩემი შვილები, თავზე ხელს მისმევდნენ და მეკითხებოდნენ – დედა, რა დაგემართა?
არ ვიცი, რამდენად ვიყავი დაღლილი სიცოცხლისთვის ბრძოლაში, რამდენად ვიყავი კონცენტრირებული საკუთარი თავი გადამერჩინა და რაც ყველაზე მთავარია ისეთად არ დავრჩენილიყავი, როგორიც კიბომ შემქმნა, მისნაირი უსიცოცხლო, ულამაზო, უფერო, უარაფრო. ვერც ერთი სუნამო ვერ აქრობდა წამლების სუნს, რომელიც ჩემს კანს ასდიოდა და ეს სუნი, პაკლიტაქსელის მწარე და უშნო სუნი იდგა ყველგან, სადაც მე ვიყავი. და მე ვგრძნობდი ამას, ვგრძნობდი საკუთარი კანის სუნს, საავადმყოფოს სუნს, რომელსაც მთელი ჩემი სხეულით დავატარებდი და არ არსებობდა სამყაროში არც ერთი კრემი, არც ერთი ზეთი, არც ერთი სუნამო, რომელიც ამ სუნს გააქრობდა.

 

ივლისია და ერთი წელი ხდება დიაგნოზიდან. იმ დღიდან როცა ექიმმა თეთრ ოთახში, სადაც ვარდისფერი ფარდებს ქარი ოდნავ არხევდა მითხრა, რომ ჩემს დღეებს კიბო სჭირდა და ამ ბრძოლაში, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცოდა რამდენ ხანს გასტანდა, არ შემშინებოდა, არ დამეტოვებინა მარტო. იმ წამების ემოციებს თავს დღემდე ვერ ვუყრი და არ არსებობს არც ერთ ენაში სიტყვები, რომლებიც ზუსტად აღწერს სიკვდილის მაუწყებლობას. არ არსებობენ სიტყვები, რომლებიც ზუსტად მოგიყვებიან რას გრძნობენ ამ დროს ადამიანები და ვინც არ იცის, ვისაც სიკვდილის ენაზე საუბარი არ დასჭირვებია, ყველაზე ბედნიერი ადამიანია ამ დედამიწაზე.

ერთი წელი გადის და ის აქ აღარ არის. არც ჩემი დღეები აღარ არის ნაცრისფერი და ამ ზაფხულში აღარც ცივა. აღარ ვემალები სარკეებს და კარადაში გამომწყვდეული კაბებიც ზუსტად ჩემი წელის ზომაზეა შეკერილი. წამწამები გაიზარდნენ და იმაზე უფრო ბევრია ეხლა, ვიდრე მანამდე იყო. თმაც იზრდება, ნელა, ზოზინით, მაგრამ თითოეული ღერი ჩემია, ჩემი საკუთრება, ნამდვილი. ჩემს კანს აღარ ასდის საავადმყოფოს სუნი, არც სიკვდილის, მას თავიდან დაბადებული სიცოცხლის, ახალშობილის სუნი აქვს და მიყვარს. ჩემი მკლავები სუფთაა და გაქრნენ სილურჯეები, ტუჩებიც ისეთივე ვარდისფერია როგორც ადრე იყო, ჩემი კანი გლუვი და ერთფეროვანი, აღარ მძვრება, აღარ იქერცლება.

მე სიკვდილი მოვკალი ადამიანებო. მე ის მოვკალი და თავიდან დაბადება არის ყველაზე დიდი,გრანდიოზული მოვლენა, რაც კი შეიძლებოდა ერთ სიცოცხლეში ჩამეტია და მომესწრო.

11 თვე და 19 დღე გავიდა და ამ დროში ათი სიცოცხლე ვიცხოვრე. რომ არა 19 ივლისი ჩემს ცხოვრებაში, ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ეხლა ვარ. კიბომ მომკლა და მე თავიდან გავცოცხლდი. ამიტომ ჩემს ერთ ცხოვრებაში ორჯერ იცხოვრა ერთმა ადამიანმა. ერთი 2018 წლის 19 ივლის მოკვდა და ერთ დღეში თავიდან დაიბადა. იმ წამიდან როცა სიცოცხლე აირჩია და რა გამოდის? ერთი წლის ვხდები. ერთი წლის ვარ და მიყვარს საკუთარი თავი, მომწონს ის და ყველაფერი რაც გამოვიარე წარსულს ჩაბარდა.

ამიტომ შეგიწუხეთ გული 29374628292 ფოტოს გამოქვეყნებით. მიხარია, მიხარია ის რომ ცოცხალი ვარ, რომ ისევ ლამაზი ვარ და უბრალოდ უნდა გამიგოთ. მადლობა რომ გესმით ამ ყველაფრის, მიუხედავად იმისა რომ არ გამოგიცდიათ და ვერც ვერასდროს გამოცდით. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ საკუთარ თავებს უნდა გავუფრთხილდეთ, მანამ სანამ ერთ დღესაც ყველაფრის დაკარგვის საფრთხე არ შეგვექმნება.

ექიმთან წასვლა არ ნიშნავს სიკვდილს, პირიქით, გამოკვლევაზე წასვლა ნიშნავს სიცოცხლეს, იმედს, პრევენციას.

მადლობა რომ არსებობთ, თქვენ რომ არა ,ვერავის ვერ დავუმტკიცებდი კიბოს არარაობას და ასე უბრალოდ გავქრებოდი, გავქრებოდი ისე თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ”, – წერს მარიამი.

მსგავსი მასალები