პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ელჩად თეა კატუკია დაინიშნა

“საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენელად თეა კატუკია დაინიშნა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე ერთერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის – საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი იყო.

„2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას Green Innovation და Blue Innovation. ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წწ. პერიოდს, როდესაც იგი გახლდათ გენერალური მდივანი მედია ჯგუფის Areion Group, რომელიც ჟურნალ „დიპლომატიასთან“ ერთად გამოსცემს ცნობილ საერთაშორისო ანალიტიკურ გამოცემებს DSI, CARTO, MOYEN-ORIENT და სხვა.

2002 წელს თეა კატუკია შეუერთდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს და ჩართული იყო ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კავშირის გაფართოებას კანდიდატ ქვეყნებში. 2004-2011 წლებში იგი დაასახელეს საფრანგეთის პანევროპული კავშირის გენერალურ დელეგატად და ახორციელებდა სტრატეგიისა და განვითარების დაგეგმარებას ევროპარლამენტის საპარლამენტო პანევროპულ სამუშაო ჯგუფთან და საერთაშორისო პანევროპულ კავშირთან, აგრეთვე კოორდინირებას უწევდა დიდი საერთაშორისო ევროპული კონფერენციების ორგანიზებას.

2001-2002 წლებში იყო ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიის ხელმძღვანელი და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს. 2000-2001 წლებში მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში „ევროპული წყაროები“ (Sources d’Europe) და საქმიანობდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

2001 წელს წარჩინებით დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, შემდგომ მან მუშაობა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტის ევროპული საჯარო სამართლის სადოქტორო ნაშრომზე ევროპული კონსტიტუციის შექმნის თემატიკაზე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პროფესიული საქმიანობა დაიწყო ევროპულ საკითხებში სპეციალიზირებულ მთავარ ფრანგულ კვლევით ცენტრებში. 1996 წლიდან დაიწყო სამართლის შესწავლა უნივერსიტეტ პარიზი-II-ში. მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაშიორწლიანი სწავლის შემდეგ, 1995 წელს სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში“, – ნათქვამია ინფორმაციში.

მსგავსი მასალები