საზოგადოება

ლალი ბადურაშვილი: სანამ გავძლებ, გავძლებ…

მსახიობი ლალი ბადურაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად ჩანდა მედიის საშულებით, შვილის გარდაცვალების შემდეგ არსად გამოჩენილა. რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 25 მარტს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილის დაკრძალვის დღეს, ლალი ბადურაშვილმა გონება დაკარგა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას შემდეგ მსახიობს კიდევ ორჯერ დაუკავრგავს გონება. ის „პრაიმტაიმს“ პირველ ინტერვიუს აძლევს და აღნიშნავს, რომ შვილმკვდარი დედისთვის ნუგეში და შეგუება არ არსებობს.

ლალი ბადურაშვილი: – ვარ რა, რა უნდა ვთქვა. ამ ტრაგედიასთან შეგუება არსებობს. ვფიქრობ, სანამ გავძლებ, ვიქნები. სამჯერ მოვხვდი საავადმყოფოში. გონებას ვკარგავ, გვერდში სითხე მიდგება. გულიკო ჩაფიძემ დამაწვინა ცოტა ხანი, თავი მოიკლა, უნდა დაწვეო. ელდარ შენგელაია და მისი მეუღლე ნელი სულ მირეკავდნენ. მათ შვილი ჰყავთ დაღუპული, უკვე დიდი დრო გავიდა და მეუბნებოდნენ, არავინ მოგატყუოს, რომ შვილის სიკვდილთან შეგუება არსებობსო. სხვათა შორის, ნინიმ თავის შვილს ელდარის ელენიკოს საპატივცემულოდ დაარქვა ელენე. ერთად იზრდებოდნენ.

ვერსად გავდივარ, მით უმეტეს – მარტო. კონტაქტიც არ შემიძლია. გადასხმებზე თუ გავალ მხოლოდ. ჯერჯერობით არ გამომდის ფაქტზე შეგუება, სანამ გავძლებ, გავძლებ.

პატრიარქმა დამიბარა. დამლოცა და მონაზვნების წირვას დამასწრო. საღამოობით მის ოთახში ატარებს, სადაც მონაზვნები იკრიბებიან. დავესწარი, დამლოცა…

წარმოიდგინეთ, ერთხელაც არ დამსიზმრებია ერეკლე, არადა, ისე მინდა… ნინის ორმოცი დღის მანძილზე ყოველ დღე ესიზმრებოდა და არბოდა სასაფლაოზე.

ისეთი თანგადაყოლილი ბაბუა იყო, დავცინოდი, ბაბუა კი არა, ბებია ხარ-მეთქი. ელენიკო ჩვენთან რომ მოყავდა, დაბანდა, აჭყუმპალავებდა. თმას დაუწნიდა. ის ეტყოდა, ასე არ მომწონსო, მერე გადაუწნიდა სხვანაირად…

ფილმი, რომლის გადაღებაც ერეკლემ ბოლომდე ვერ მოსწრო, უკვე დასრულებულია. ეს არის კოპროდუქცია „ხიდი“, რომელსაც თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა. ფილმში მთავარ როლს ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი ემრე კიზილიმრაკი თამაშობენ. როგორც ლალი ბადურაშვილი ამბობს, ფილმის პრემიერა სავარაუდოდ ოქტომბერში შედგება.

ლალი ბადურაშვილი: – ამ ფილმს შევეშვებოდი? 24 საათი მუშაობდნენ და გადაღება დასრულებულია. ფილმი გურჯი ქართველების მოტანილ ნამდვილ ამბავზეა. სექტემბერში დამონტაჟდება და ალბათ, ოქტომბერში პრემიერა იქნება. ნინი თამაშობს თავის თავს, მომღერალია. ასევე თამაშობენ სალომე გოგიაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ზურა ცინცქილაძე. ერეკლეს ფილმებიდან ყველა მიყვარს, მაგრამ „ავტოპორტრეტი“ სხვა რანგის ფილმია. „ცხელი ძაღლი“ როგორი საუკეთესო სერიალი აღმოჩნდა, იცით. ზაზასთან ერთად იღებდა. ბოლო ათი სერია სულ ერეკლეს გადაღებული. არაჩვეულებრიავია „ცოდვის დღესასწაული“. რაც კი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაღებულა, „ავტოპორტრეტი“ ათ საუკეთესოს შორის არის.

რა გითხრათ… როცა მომენატრება ვზივარ ჩემთვის და ხმამაღლა ვტირი. სახლში უფროსი შვილი მყავს, ისიც მხატვარია. „დაგრუზულია“. არ მინდა მას ტირილი გავაგონო. როცა სახლიდან გადის, ვზივარ და ხმამაღლა ვტირი. ტელეფონი არ ჩერდება. ყველას მხარდაჭერა უნდა, მამხნევებენ. რომ ვხედავ ადამიანი წუხდება, მამხნევებს, უნდა ვუპასუხო, მაგრამ ამის თავი რომ არ მაქვს?!..

 

 

წყარო: primetime.ge

მსგავსი მასალები