მსოფლიო

განაჩენით უკმაყოფილო მოსამართლემ სასამართლო დარბაზში თავის მოკვლა სცადა

მოსამართლემ თავის მოკვლა იმის გამო სცადა, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობამ გამამართლებელი დადგენილება გააუქმა და ის ახალი განაჩენით ჩაანაცვლა, რომელიც ხუთიდან სამი დაკავებულის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

მოსამართლემ, რომელიც მის მიერ წაკითხულ განაჩენს არ ეთანხმებოდა, პირდაპირ სასამართლო დარბაზში თავის მოკვლა სცადა, იუწყება ახალი ამბების ტაილანდური ინტერნეტპორტალი Thaiger-ი.

ინციდენტი პარასკევს მოხდა, როდესაც ტაილანდის ქალაქ იალას სასამართლოში იარაღით არალეგალური ვაჭრობაში ბრალდებული ხუთი განსასჯელის საქმეზე ფინალური სხდომა მიმდინარეობდა.
მოსამართლე კანაკორნ პიანჩანამ თავის მოკვლა იმის გამო სცადა, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობამ მის მიერ მომზადებული გამამართლებელი დადგენილება გააუქმა და ის ახალი განაჩენით ჩაანაცვლა, რომელიც ხუთიდან სამი დაკავებულის სიკვდილით დასჯას, ხოლო ორისთვის ხანგრძლივი ვადით პატიმრობის მისჯას ითვალისწინებდა. და ეს მაშინ, როდესაც გამოძიებას მათი ბრალის დასადასტურებლად საკმარისი სამხილები და მტკიცებიულებები არ გააჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მოსამართლე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ახლა მოსამართლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირკვევა, რომ კანაკორნ პიანჩანამ ფინალური სხდომის დაწყებამდე, პარასკევ დილით საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საზოგადოებას ამცნობდა, რომ საქმეში არსებული სამხილები განსასჯელების უდანაშაულობას ამტკიცებდა, მაგრამ სასამართლოს ხელმძღვანელობა მაინც აპირებდა მათ სასტიკად დასჯას.

ეს პოსტი იმავე დღეს გაქრა მოსამართლის გვერდიდან, მაგრამ პიანჩანას ახლობლებმა საღამოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს მის მიერ მომზადებული პირვანდელი დადგენილება (რომელიც გაუქმდა) და ასევე ინფორმაცია მომხდარის შესახებ. მოსამართლის საქციელმა ინტერნეტმომხმარებლებს შორის მასობრივი მხარდაჭერა გამოიწვია, რომლებმაც წამოიწყეს კამპანია ლოზუნგით: „დაუბრუნდეს ახალი დადგენილება მოსამართლეებს, ხალხს კი – სამართალი“.

მსგავსი მასალები