TOP

თეა წულუკიანი: რომ გამოვა, ალბათ მერე მაინც გასცემ პასუხს რას ატყუებდი… და რატომ… ჰოდა მოემზადე, ლუზერო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის რეპლიკას “facebook”-ის პირად გვერდზე ეხმაურება და ოპოზიცონერ დეპუტატს პასუხობს:

“ოთარ კახიძე შალვა თადუმაძეზე: გვახსოვს, წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა მეორე სერიაა.

მე კი ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ.

ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს თხოვდი ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?)

სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.

ახლა, რაღა დაგრჩა აბა… თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.

ჰოდა მოემზადე, ლუზერო!” – წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ დიპლომი გაყალბებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა

ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს ეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

ამ დეტალებიდან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თვლის, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა გენერალური პროკურორის დიპლომი უნდა შეისწავლონ  და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.

ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა და თეა წულუკიანის იურისტის დიპლომის საქმეც გაიხსენა.

„გვახსოვს, რომ ქალბატონი წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. მერე გვახსოვს დაკავებები, ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ჩატაევი ციხიდან გამოუშვა, ეს ყველაფერი წულუკიანმა გააკეთა.

ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს უკვე, თუმცა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი და დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს ხელისუფლება არის შეუფერებელი, რომ მართავდეს ქვეყანას. არ შეიძლება მათ ჰქონდეთ სახელმწიფო სადავეები და იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ არაფერს სასიკეთეს ასეთი ტიპის არაპროფესიონალური მართვა არ მოუტანს”, – განაცხადა კახიძემ.

მსგავსი მასალები