სამართალი

“მე ჩოხა მცმია და მიგალობია…” – ილია ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულ საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა.

პროცესამდე, ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ურჩევნია ჰქონდეს მკვლელის სტატუსი, ვიდრე ქალთა ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

„მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში. მე ჩოხა მცმია და მიგალობია. არ შემიძლია, ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა“, – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი მასალები