საზოგადოება

“ბლექ სი არენაზე“ კონცერტების გამართვისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 11 525 190 ლარი დაიხარჯა

“ბლექ სი არენაზე“ კონცერტის გამართვისთვის, ცნობილ ვარსკვლავებს, 2 წლის განმავლობაში, საქართველოს ბიუჯეტიდან დაახლოებით, 11 525 190 ლარი გადაუხადეს. უხეში გათვლებით, თითო ვარსკვლავმა საქართველოდან მილიონ ლარზე მეტი წაიღო. თუმცა, ჯგუფი “აეროსმიტი“ საქართველოდან 5 მილიონიანი ჰონორარით წავიდა. რაც შეეხება 2019 წელს გამართულ კონცერტებს – მათი გამართვისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

“ბლექ სი არენაზე“ საკურორტო სეზონის დროს, სამი გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა – ჩამოსული იყო ჯგუფი Black Eyed Peas, მომღერალი Jessie J და ოსკაროსანი ჯგუფი Thirty seconds to Mars. როგორც “2020NEWS“-ს “ბლექ სი არენის“ პრეს-სამსახურში განუცხადეს, ეს სამი გრანდიოზული შოუ, სახელმწიფო ბიუჯეტს 4 225 190 ლარი დაუჯდა. ამათგან ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი Black Eyed Peas-ის გადაუხადეს, ცნობილმა ჯგუფმა საქართველოდან 1,857,860.44 ლარი წაიღო. მას მოჰყვება Jessie J, რომელსაც ბიუჯეტიდან 1,291,090.87 ლარი გადაუხადეს, ხოლო ოსკაროსან Thirty seconds to Mars – ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,076,240.12 ლარი გადაუხადეს. 2 მილიონამდე ლარი გადაუხადეს ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს და შემსრულებელს ენიო მორიკონეს. მორიკონეს ბიუჯეტიდან 600 ათასი ევრო გადაუხადეს.

ამ თანიხდან General Entatainment Associates Production“-მა, რომელიც მორიკონეს კონცერტის ჩატარების უფლებას ფლობს, გაწეული მომსახურეობისთვის 250 ათასი ევრო მიიღო. უცნობია რამდენი გადაუხადეს კრისტინა აგილერასა და ვანესა მეის, რადგან ორივე მომღერალი “ბლექსი არენას“ გახსნის დროს ჩამოვიდა და ისინი საქართველოში ფონდმა “ქართუმ“ დაპატიჟა. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, “ბლექ სი არენას“ ქართველი მომღერლებიც იკავებენ, თუმცა მათგან განსხვავებით, ქართველები საკმაოდ ნაკლებ ჰონორარს იღებენ. მაგალითად, ნინო ქათამაძის კონცერტი, რომელმაც ეს კონცერტი 2017 წელს გამართა, ბიუჯეტს 145 449 ლარი დაუჯდა. ამ თანხაში იყო გათვალისწინებული პროდიუსერის, მუსიკალური ხელმძღვანელის, მენეჯერის, ხმის რეჟისორის, ნინო ქათამაძის, ორკესტრისა და სხვა პირების ჰონორარები და ხარჯი. ქათამაძისგან განსხვავებით, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალის, ქეთი მელუას კონცერტი ბიუჯეტს 300 ათასი ლარი დაუჯდა. ამ თანხიდან უშუალოდ კონცერტში 242 ათასი ლარი გაიხადეს, ხოლო კონცერტის ორგანიზებისთვის 68 ათასი ლარი დაიხარჯა. კონცერტის ორგანიზებისთვის ხელშეკრულება “შპს ისთერნ პრომოუშენთან“ გააფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, 30 600 ლარზე მეტი “ისთერნ პრომოუშენის“ საკომისიოა. ცნობისთვის, ამ კომპანიის მენეჯერი, კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო და კომპანიის წილებსაც ფლობდა.

“2020NEWS“ დაინტერესდა, სად და რაში იხარჯება ბილეთებიდან შემოსული თანხა. როგორც სააგენტოს “ბლექ სი არენას“ პრესამსახურში განუცხადეს, ბილეთებიდან შემოსული თანხები სასცენო აღჭურვილობისა და შენობა-ნაგებობების მოვლა-შენახვა-განახლებაში მიდის. “ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით, კომპანია ახორციელებს ღონისძებების ორგანიზებასთან, სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დაფარვას. ასევე, სასცენო აღჭურვილობისა და შენობა-ნაგებობების მოვლა-შენახვა-განახლებას“, – განუცხადეს “ბლექ სი არენის“ პრესამსახურში “2020NEWS“-ს.

“ვარსკვლავების ჩამოყვანა და მათში ამხელა თანხების გადახდა, საქართველოსთვის რა სარგებელი მოაქვს, “ბლექ სი არენაში“ ასე განმარტავენ: „საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკლავური და ლეგენდად ქცეული მუსიკალური შემსრულებლის ჩამოყვანა და კონცერტების ჩატარება, იწვევს საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და ტურიზმის ზრდას, უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო მასშტაბით და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – განუცხადეს “2020NEWS“-ს.

“როგორც გავარკვიეთ,“ბლექ სი არენას“ ერთი დღით დაქირავება 45 ათასი ლარი ღირს. „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზის დღიური საიჯარო ქირის განსაზღვრა ყოველწლიურად ხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნის საფუძველზე. ამ ეტაპზე, ერთი დღის საიჯარო ქირა შეადგენს 45 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით“, – განუცხადეს სააგენტოს “არენას“ პრესამსახურში.

შეგახსენებთ, “Black Sea Arena“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ “ ააშენა. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია. ხოლო მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ 100-პროცენტიანი წილი მართვის უფლებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

მსგავსი მასალები