მსოფლიო

“ნუ მოიქცევი სულელივით! – მოგვიანებით დაგირეკავ…” – დონალდ ტრამპის გაფრთხილება ერდოღანს

ამერიკულმა მედიამ მოიპოვა 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისწერა.

წერილში ტრამპის ერდოღანს აფრთხილებს, რომ ისტორიაში ეშმაკის სახელით შესვლის რისკის ქვეშაა და სულელივით არ უნდა მოიქცეს. გთავაზობთ წერილის თარგმანს:

“მოდი ვიმუშავოთ კარგ შეთანხმებაზე! შენს არ გსურს პასუხისმგებელი იყო ათასობით ადამიანის დახოცვაზე, მე კი არ მსურს თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი, მაგრამ ვიქნები. ამის მაგალითი უკვე მოგეცი პასტორი ბრანსონის დაკავებისას.

მე ბევრი ვიმუშავე შენი პრობლემების გადასაჭრელად. ნუ გაუცრუებ მსოფლიოს იმედებს. შენ შესანიშნავი შეთანხმების მიღწევა შეგიძლია. გენერალ მაზლუმს შენთან მოლაპარაკებების სურვილი აქვს და ისინი მზად არიან წავიდნენ ისეთ დათმობებზე, რაზეც წარსულში არ წავიდოდნენ. მე თან ვურთავ იმ წერილს, რომელიც მისგან ახლახანს მივიღე.

ისტორია კეთილგანწყობილი იქნება შენს მიმართ თუ ამას სწორი და ჰუმანური გზით გააკეთებ. ის დაგიმახსოვრებს როგორც ეშმაკს, თუ კარგი რამ არ მოხდება. ნუ იქნები ჯიუტი. ნუ მოიქცევი სულელივით!

მოგვიანებით დაგირეკავ”, – წერილის ავთენტურობა სხვადასხვა მედიას თეთრი სახლის წყაროებმა დაუდასტურეს.

თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს.

ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

თურქეთი ამბობს, რომ ოპერაციის პერიოდში დაკავებულ ტერორისტებზე პასუხისმგებლობას თავად აიღებს და ქურთებს ციხეების დაცარიელებაში და პატიმრების გატაცებაში ადანაშაულებს.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

მსგავსი მასალები