მსოფლიო

“ფეხსაცმელების გახდა უბრძანეს, მერე კი დახვრიტეს და მდინარეს გაატანეს…” – შემზარავი მონუმენტი დუნაის სანაპიროზე

მოგზაურთა კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს დუნაის სანაპიროზე, შემზარავი მონუმენტის შესახებ:

“ბუდაპეშტში, დუნაის სანაპიროზე, პარლამენტთან ძალიან ახლოს აი ეს შემზარავი მონუმენტია “ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე”.

თითქოს ფეხსაცმელების პატრონებმა ამ წუთას გაიხადეს ისინი და სიჩქარისგან ასე უწესრიგოდ დატოვეს მშვიდად მოსეირნე მდინარის სანაპიროზე.

Natia Davituliani-ს ფოტო.
მონუმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს ბუდაპეშტში დახვრეტილი ებრაელების მოგონებას ეძღვნება. ზუსტად ამ ადგილას მათ ფეხსაცმელების გახდა უბრძანეს, მერე კი დახვრიტეს და მდინარეს გაატანეს სიცოცხლეწართმეული მათი სხეულები. მდინარის ნაპირზე დატოვებულ ფეხსაცმელებს კი ან გაყიდდნენ ან თვითონ მოიხმარდნენ.

ერთგან წავიკითხე, დახვრეტამდე რამდენიმე ადამიანს ერთად თავიანთი ფეხსაცმელების თასმებით ხელებს უბამდნენ და მხოლოდ ერთს ესროდნენ, მდინარეში გადავარდნისას დანარჩენებიც რომ გადაეყოლა და ტყვიის ნაცვლად ცივ წყალს მოეკლა ისინიო. ამ სასტიკი ისტორიის გამო დუნაის “ებრაული სასაფლაოს”  სახელი შერჩა.

Niniko Kuchava-ს ფოტო.

ბუდაპეშტში ჩახვიდე და რკინის ფეხსაცმელები არ ნახო, გამორიცხულია. აქ ტურისტების გარდა ხშირად მოდიან დახვრეტილი ადამიანების ნათესავები, სანთლებს ანთებენ და ყვავილებით ალამაზებენ თავიანთი წარსულის ამ შავ დღეებს.

ეს წარსული ჩვენიცაა და ზუსტად ამის გამოა, აქ მისული ყველა ადამიანი სევდის ტალღებში რომ ეხვევა და დამუნჯებულს ისღა დარჩენია, ფოტოები უღოს სანაპიროზე მიყრილ 60 წყვილ ფეხსაცმელს და თან წარმოიდგინოს შიშითა და ცრემლებით გამოვსებული იმ ადამიანების თვალები, ბოლოჯერ რომ ისუნთქავდნენ ჰაერს და ბოლოჯერ რომ ისმენდნენ საკუთარი გულის გაცეცხლებულ ცემას”, – წერს მოგზაურთა კლუბი.

მსგავსი მასალები