პოლიტიკა

ნათია თურნავა: დესტრუქციისა და რადიკალიზაციის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით განვითარდება

გპირდებით, ჩვენი ეკონომიკა მაღალი ტემპით განვითარდება, მიუხედავად დესტრუქციისა და რადიკალიზაციისა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, თუმცა, მთავრობა, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი, ყველაფერს აკეთებს, რომ მიმდინარე პროცესები არ აისახოს ქართულ წარმოებაზე, ასევე უცხოელ ინვესტორებზე.

“ჩვენ ყველა პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში. ზოგადად, რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია რა თქმა უნდა, აზარალებს ქვეყანას, ეკონომიკას. საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ჩემი უწყება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესმა, დასაქმებულებმა, ქართულმა წარმოებამ, ქართულმა ეკონომიკამ, ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი – არ დაფრთხნენ ინვესტორები, კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს. ამას მე მგონი წარმატებულად ვახერხებთ. ხედავთ, რამხელა ინტერესია თუნდაც პრივატიზაციის მიმართ, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ინვესტორების ყურადღება პოზიტივზე გადავრთეთ, შენებაზე გადავრთეთ და სამომავლოდ დასაქმებაზე გადავრთეთ”, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ტურიზმის სფეროშიც პოზიტიური ტენდენციებია.

“ბოლო ციფრები გამოქვეყნდა ტურიზმის განვითარების. მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც ტურიზმს გადახდა, მათ შორის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ პოზიტიური ტენდენციაა. საშუალოდ 7%-იანი ზრდაა 11 თვეში, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდით, მაგრამ საკმაოდ პოზიტიურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის დესტრუქცია, რაც ბუნებრივია გვაზარალებს, არ არის კარგი ინვესტორებისთვის, მათ შორის უცხოელი ინვესტორები ამას აქცევენ ყურადღებას, არ იგრძნოს ქვეყანამ, ეკონომიკამ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი მასალები