პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა.

გიორგი ვოლსკიმ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გაიხსენა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მასობრივი ძალადობისკენ მოწოდებასა და მასში მონაწილეობას, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხებას გულისხმობს და განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა.

“ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. მან ადრეც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული საქართველო და დასავლეთი კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დასტურია”, – ამბობს ვოლსკი.

პირველი ვიცესპიკერის შეფასებით “უტიფრობაა, რონ ტელეკომპანია “იმედის” დამრბევი, ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედია საშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი.

“რუსთავი2″-ის მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედი გარემოზე და მის თავისუფლებაზე, თანაც საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუშვეს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვერდს უვლიან ევროინტეგრაციის გზაზე აშკარა წარმატებას.

“მიხეილ სააკაშვილი და მის გარშემო შეკრებილი ნაცმოძრაობის ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თვალსაჩინო, აშკარა წარმატებებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიულობის მაჩვენებლებს, მათ შორის მედია თავისუფლების მიმართულებით. არც სტრასბურგის 2019 წლის 18 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილების გახსენება სურთ მიტაცებული “რუსთავი2”-ის საქმეზე და არც იმ ფაქტისა, რომ მათი სააპელაციო საჩივარი იგივე სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო, თუმცა მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი კავშირის შესახებ. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად “ქართული ოცნების” სტრატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის და სწორად შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქციის დროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საფრთხის ქვეშ იყო.

“2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და, ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი მასალები