სამართალი

დეკლარირების წესის დარღვევისთვის 3 მოსამართლე დაჯარიმდა

2019 წელს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად 3 მოსამართლე დაჯარიმდა.

დაჯარიმებული მოსამართლეები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი (მერაბ გაბინაშვილი პარლამენტმა წინა წელს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ აირჩია), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე.

 

2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად ვასილ როინიშვილი საკუთარი უძრავი ქონების ფართში ცდომილების, ასევე საბანკო ნაშთებში ცდომილების გამო დაჯარიმდა. მერაბ გაბინაშვილი შემდეგი დარღვევისთვის დაჯარიმდა – მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული, მის სახელზე არსებული ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში ცდომილებაა. ნინო ქადაგიძის დარღვევა – დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მიხეილ ბებიაშვილმა გაფრთხილება მიიღო.

რაც შეეხება ჯარმის ოდენობას, “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, კანონით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ასევე, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

მსგავსი მასალები