TOP

“კალაძეს მომავალ პრემიერს უწოდებენ… მას იდეალური იერისთვის აქებენ და გადათხრილი თბილისისთვის ლანძღავენ”

თბილისის მერის და ყოფილი წარმატებული ფეხბურთელის კახა კალაძის შესახებ sports.ru-მ ვრცელი მასალა მოამზადა, რომელიც ალბათ ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება. მართალია საიტი სპორტულია, მაგრამ საუბარი ფეხბურთზე ნაკლებადაა. ჩვენ შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ.

კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილი მოთამაშე, ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი კახა კალაძე პარტია „ქართულ ოცნებაში“ 2012-ის ზამთარში შევიდა, სანამ ფეხბურთის თამაშს შეეშვებოდა. კარიერის დასრულების შემდეგ, მალევე, 2012-ის ოქტომბერში ენერგეტიკის მინისტრად დანიშნეს.
„არ ვიყავი ენერგეტიკაში, მაგრამ მქონდა კომპანია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობდა, – ამბობდა ის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, – ეს ადრე იყო. როდესაც მინისტრი გავხდი, ეს ბიზნესი გავყიდე“.

თუ მაშინ კალაძის პოლიტიკური უნარები კითხვებს აჩენდა, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და მმართველი პარტის სიმბოლოა. 2017-ში კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი მიატოვა, რათა თბილისი მერად ეყარა კენჭი. არჩევნები მოიგო, და დღეს პოლიტოლოგების შეფასებით, დიდი სირთულის გარეშე შეიძლება ხელმეორედ აირჩიონ.

კალაძე პოლიტიკით 2000-ან წლებში დაინტერესდა, როდესაც საჯაროდ დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს. მაშინ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, რომელსაც კალაძე თითქმის გამუდმებით აკრიტიკებს.

„ქართულ ოცნებაში“ კალაძე მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მოწვევით მივიდა. 2000-იანებში ის სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას აფინანსებდა, 2010-იანებში დისტანციაზე გავიდა და „ქართულ ოცნება“ დააფუძნა (2012).

***

რატომ გამოუვიდა კალაძეს კარიერა პოლიტიკაში: სელფ-მეიდი, შეუძლია საუბარი, პრესტიჟულია

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე:
„ყველამ იცის მისი ისტორია. ხალხმა იცის, რომ მან ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია. ვფიქრობ, რომ ევროპულმა გამოცდილებამ მას სწორი პოლიტკორექტულობა ასწავლა. ის ფეხბურთელია, ბიზნესმენია იტალიის, უკრაინის და საქართველოს გამოცდილებით. ალბათ ნიჭიც აქვს, ზომიერების გრძნობა. გრძნობ, როდის ლაპარაკობს ადამიანი თავისით და როდის დაწერილი ტექსტით. როდესაც ტექსტი სრულდება, მერე სისულელე იწყება. კალაძეს ეტყობა, რომ ესმის რასაც ამბობს.

მისი გამოსვლისას იგრძნობა: შესაძლოა მისი სიტყვა დაწერეს, მაგრამ რეალურად მასზე იმუშავეს. თითოეულ მის სიტყვაში იგრძნობა თავშეკავებულობა და იმის შეგნება, რა უნდა უთხრა ამომრჩეველს.
ხშირად ადამიანს კი არა, პარტიას აძლევენ ხმას, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას პარტიის გარეშეც მისცემენ ხმას.

ზურაბ ჩიტაია, ჟურნალისტი და რამდენიმე ბარის მფლობელი:

„მას საარჩევნოდ ძალიან კარგი პიარ-კამპანია ქონდა. ის დადიოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იღებდნენ მეტროში, ავტობუსებში. ის თავისი Mini Cooper-ით საცობებში იდგა. შექმნეს დადებითი იმიჯი.
ალბათ ეს იყო ყველაზე მასშტაბური საარჩევნო კამპანია საქართველოს ისტორიაში. სოცქსელები, კონცერტები, ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალურად აამოქმედეს. პლუს პირადი იმიჯი: ცოლი ყოფილი მოდელი, შვილები, ცხოველები უყვარს. ყველაფერი ეს ლამაზად მიაწოდეს.

კალაძის დროს ბევრი სამუშაოებია. უკმაყოფილო არიან ისინი, ვისაც მოსწონს

ჩიტაია: „ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ჭავჭავაძის გამზირს მაისის ბოლოდან არემონტებენ. ამან მოძრაობის პარალიზება გამოიწვია, თბილისი საცობების ქალაქად გადაიქცა. საცობები კალაძემდეც იყო, მაგრამ უარესი გახდა. წარუმატებელი გადაწყვეტილებები ცალმხრივ მოძრაობებთან დაკავშირებით: ხან ერთ და ხან მეორე მხარეს. მაგალითად, რამიშვილის ქუჩა გამოდგება.

კიდევ პეკინის ველობილიკი, რაც პოპულისტური ნაბიჯი იყო. ბოლოს გაირკვა ის, რაც ისედაც თავიდან ცხადი იყო: ხალხი №1-დან №38-მდე ველოსიპედით არ ივლის, ფეხითაც მარტივად გაივლიან. ეს ველობილიკი არაფერს არ იძლევა, რადგან პეკინის გამზირს სხვა რაიონებთან არ აკავშირებს. უბრალოდ სეირნობ, არადა ფეხით ორივე მიმართულებით 10-15 წუთია საჭირო.

იგივე ისტორიაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. „მარშუტკები“ გადატვირთულია. ეს ბანანის რესპუბლიკის ატრიბუტია. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, ტრამვაი თანამედროვე ქალაქის მაჩვენებელია, მარშუტკა – არათანამედროვესი. ეკოლოგიური ავტობუსები არის, მაგრამ ცოტაა.

იგივე ისტორიაა პარკინგთან. კალაძე დაპირდა, რომ გაწყვეტდა კონტრაქტს „სითი პარკთან“, მაგრამ ამან სიტუაცია არ გააუმჯობესა.

სიხარულიძე: „არის პრეტენზიები, რომელსაც ვიზიარებ. კალაძემ გადაწყვიტა მთლიანად თბილისის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. პროცესში გამოჩნდა, რომ მერიამ საკუთარი რესურსი ვერ გათვალა.
კალაძე ამბობს: „მე არ შემიძლია თავად დავაგო ასფლატი. ავიყვანეთ ყველა ორგანიზაცია და გამოჩნდა, რომ არ შეუძლიათ ნორმალურად კეთება“.

ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს დაიწყეს ყოველ ნახევარ წელიწადში გადათხრა. თავიდან ყველას უხაროდა. უბრალოდ არ ითვალისწინებენ რომ როდესაც თხრი, გზა ჩერდება. მერე კი, როდესაც გაირკვა, რომ გათხრებში ფულის კეთება შეიძლება, ამას კრიტიკულად შეხედეს, და მიხვდნენ, რომ თხრა არასოდეს დასრულდება“.

კიდევ კრიტიკა: ნაძვის ხე მილანიდან, შუა თითი

ამ ქვეთავში საუბარია საახალწლო მორთულობების ღირებულებაზე; კომოს ტბაზე მოგზაურობაზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებსა და გავრილოვის ღამეზე.

მეორე ვადით? პრემიერი?

თბილისის მერის მომდევნო არჩევნები 2021 წელს ჩატარდება. ოქტომბრის ბოლოს კალაძემ თქვა, რომ ჯერ დარწმუნებული არ არის წავა თუ არა მეორე ვადით. „იმდენად რთულ ვითარებაში მიწევს მუშაობა, რომ დღე და ღამე მერევა. ეს ძალიან რთულია. თუ საქმის გაკეთება გინდა, ამ რეჟიმში უნდა იმუშაო, სხვანაირად შეუძლებელია. მე ოჯახი მყავს, შვილები… ძალიან რთულია, მაგრამ კარგად მესმის ჩემი პასუხისმგებლობა. შესაბამისად მაქვს ამბიცია, რომ ჩემი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, თბილისი განსაკუთრებული ქასლაქი იყოს“.

კალაძე არც ისე გულწრფელია, ასე მიაჩნიათ საიტის რესპოდენტებს.

დვალი: „პოლიტიკოსები ყოველთვის ასე ამბობენ, როდესაც არჩევნები იწყება. კალაძე მარტო მერი ხომ არ არის, ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია. რთული იქნება კენჭი არ იყაროს, ამას ისე აღიქვამენ, რომ „ოცნებასთან“ კავშირს წყვეტს და ოპოზიციაში გადადის.

სიხარულიძე: „კალაძე ახალგაზრდაა, ევროპული გამოცდილება აქვს. ის კარგი მაგალითია, რომ დააწინაურო. თუ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისი იქნება, არ გამიკვირდება თუ პოლიტიკურ კიბეზე მაღლა ავა.
ასევე არ გამიკვირდება თუ უარს იტყვის. ვფიქრობ, მას არ ექნება პოლიტიკიდან წასვლის პრობლემა. მას არ ეტყობა ძალაუფლების წყურვილი.

დვალი: „ვერ ვიტყვი, რომ მისით მთელი საქართველო აღფრთოვანებულია, მაგრამ მას გარკვეული ქარიზმა აქვს. მას აქვს ის, რაც არ აქვს მოქმედ პრემიერ გიორგი გახარიას – ქარიზმა.
შესაძლოა მილიარდერმა გადაათამაშოს ბანქო და კალაძეს შეთავაზოს პრემიერის პოსტი. ივანიშვილი აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ რეალური ხელმძღვანელი კალაძეა. მას ბევრი რესურსი აქვს. გახარია ეფექტური მენეჯერია, მაგრამ კალაძეს აქვს ქარიზმა. არჩევნების წინ ეს მნიშვნელოვანია. მას აფასებენ როგორც ადამიანს, რომელმაც ქვეყნას სახელი გაუთქვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში თამაშით.

სიხარულიძე: „მიჭირს მეორე ვადაზე საუბარია, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ბევრს გადაწყვეტს.
ის ხშირად ამბობს, რომ უბრალოდ თბილისის მერია და არ არის დიდ პოლიტიკაში. მაგრამ თუ „ქართულ ოცნებაში“ არჩევნებზე კრიზისი იქნება, არ გამიკვირდება თუ დიდ პოლიტიკაში ჩარევას თხოვენ. ოპოზიციაში ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც პატივს სცემენ კალაძეს და მასში საფრთხეს და ძალას ხედავენ“.

მსგავსი მასალები