საზოგადოება

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა.

აღნიშნული მიზეზით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართა და სთხოვა, რომ ვინაიდან წერეთელი 19-დან 30 იანვრის ჩათვლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა, დაგეგმილი პროცესები გადაეტანათ.

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თქვა, რომ მას სხვა დღეებში სხვა პროცესები აქვს დანიშნული. მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარეს უთხრა, რომ ამ საკითხს ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი მასალები