TOP

ბიძინა ივანიშვილისთვის ცივი თებერვალი იწყება – ამერიკული სანქციების შემდეგი სამიზნე ქართველი ოლიგარქი იქნება

იანვრის ბოლოს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ჩამოვა და ამერიკულ გზავნილებს ჩამოიტანს. ამერიკული გზავნილების წონა ხელისუფლებისთვის არც თუ ისე მსუბუქი იქნება და დიდი ალბათობით, ამ გზავნილების ადრესატი პირადად ბიძინა ივანიშვილი იქნება. არაფორმალი ლიდერისთვის ყველაზე რთული თებერვალი დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, აშშ-ს ხალხის სახელით ივანიშვილის თამაში დემოკრატიულ ღირებულებებთან არ მოსწონს. დასავლეთი შეშფოთებულია, რადგან 2020 წლის არჩევნებს საქართველო შესაძლოა, ციხეში გამოკეტილი ოპოზიციონერი ლიდერებითა და მესამე ძალის გაძლიერების ნაცვლად, მოცარიელებული პოლიტიკური ველით შეხვდეს.

ივანიშვილი, პლახოტნიუკი და აშშ

მოკლედ, ძველი წელი საბოლოდ გადავაგორეთ. 2020 ნამდვილად დადგა. ოპოზიცია 4 თებერვლიდან აქტიურობას იწყებს. ვიდრე ერი და ოპოზიცია ისვენებდა, ხელისუფლებას აქტიურობა არ შეუწყვეტია. ძირითადად, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და ანაკლიის პორტის პროექტის ხარჯზე.

ამავდროულად, რეგიონში განსაკუთრებით გააქტიურდა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ღიად, ასევე კულუარებში.

შტატებმა მოლდოვაში „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს, ვლადიმირ პლახოტნიუკს ღიად გამოუცხადა ბრძოლა. მას სანქციები დაუწესეს და შავ სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას კი “ტვიტერზე” ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. ამერიკელებმა სანქციები მისი ოჯახის წევრებსაც დაადეს და შტატებში შესვლა აუკრძალეს.

როგორც ხედავთ, მოლდოველი ოლიგარქის მიმართ მთავარი ბრალდება ისაა, რომ მისმა ქმედებებმა მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მიაყენეს დიდი ზიანი.

ვინ იქნება შემდეგი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი, რომელსაც აშშ შეუტევს? და იქნება თუ არა ის „შემდეგი“ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი?

და კიდევ, რატომ შეიძლება, მომდევნო იყოს სწორედ ივანიშვილი, რომელიც მოლდოველი ოლიგარქივით, სტატუსით – მხოლოდ პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა, მაგრამ ქვეყანას „შუშის სასახლიდან“ მართავს? – ეს კითხვები დღეს ყველაზე აქტუალურია.

იმისთვის, რომ გაირკვეს, რამდენად შეიძლება ივანიშვილმა პლახოტნიუკის ბედი გაიზიაროს, პირველ რიგში, გასარკვევია, რა ხდება საქართველოში და არის თუ არა საფუძველი იმისთვის, რომ ივანიშვილი ამერიკული სანქციების სამიზნე გახდეს, ანუ ადგება თუ არა მისი მმართველობის წყალობით „ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს დიდი ზიანი“?

მაშ ასე, დავიწყოთ პარალელების გავლება მოლდოველი და ქართველი ოლიგარქების მმართველობის სტილს შორის.
ამ ეტაპზე საქართველო არის ქვეყანა, სადაც:

1.პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შანსი, მაჟორიტარი ფეოდალების წყალობით, დაიკარგა.

2.რუსი პოლიტიკოსის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაბრძანების გასაპროტესტებლად მისულ მოქალაქეებს თვალები დათხარეს.

3.პარლამენტის წინ გამართულ აქციებს ყინვაში ცივი წყლის ჭავლით შლიდნენ.

4.ოპოზიციის ლიდერებს სასამართლოში ატარებენ და არ დარჩა პოლიტიკური პარტია, რომლის ლიდერი ან არ დაიჭირეს (ირაკლი ოქრუაშვილი), ან დასაჭერად არ გაამზადეს (მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე).

5.მოიმატა კორუფციის დონემ და არამიზნობრივად გახარჯული ბიუჯეტის თანხების მომკითხავი არავინაა.

ივანიშვილი, გახარია და აშშ

უფრო მეტიც, ამერიკული მხარე ბიძინა ივანიშვილსგან 20-21 ივნისის სისხლიანი, ე.წ. „გავრილოვის“ ღამიდან 2 თვეში პრემიერად დაწინაურებული გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვს. ივანიშვილს მაგიდაზე დაუდეს გახარიას „შავი საქმეების“ დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ დანაშაულსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, საქართველოში ირანული კომპანიების ფულის გათეთერების საქმეშია ეჭვმიტანილი.

“2020NEWS” უკვე წერდა, რომ არაფორმალურ და ფორმალურ ლიდერებს შორის საქმის გარჩევა მოხდა და გახარიამ ივანიშვილს პირდაპირ უთხრა: „შენ მე ღარიბაშვილი ხომ არ გგონივარ? ასე არ წავალ!“ გახარია ჯერჯერობით, ისევ პრემიერ-მინისტრია, მაგრამ მალე გახდება ცნობილი, შტატების ახალი ელჩის ჩამოსვლას დაასწრებს თუ არა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია.

ანაკლია, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძე და აშშ

მანამდე კი, ამერიკელების მიერ საერთაშორისო ეკონომიკურ დანაშაულში მხილებული პრემიერის საქართველოში ჩავარდა ანაკლია – უდიდესი ეკონომიკური და თავდაცვითი პროექტი. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში არ დაიწყება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელისუფლებამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. „პროექტი განხორციელდება, მაგრამ არა ამ ინვესტორთან ერთად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 9 იანვარს.

ამავე დღეებში პორტის მშენებლობის მოსურნე ახალი ინვესტორის სახელიც ამოტივტივდა. ჩინური ინვესტიციით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი თემურ ქარჩავა გამოვიდა არენაზე.
კონსორციუმმა საპასუხო განცხადებაში, ხელისუფლებასთან ხელახალი მოლაპარაკებების დასაწყებად სივრცე დატოვა. თუმცა, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის მუქარაც გააჟღერა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოში ამერიკელი გენერლის ვიზიტი. ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი საქართველოში 9 და 10 იანვარს იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ნატოს გადამდგარი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი კონსორციუმის ხელმძღვანელობას შეხვდა. კლარკმა მამუკა ხაზარაძეს ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია გააცნო და ხელისუფლებასთან შეთანხმება შესთავაზა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით უნდა აშენდეს.

გენერალი კლარკი ასევე პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს. მათი საუბრის მთავარი თემა პროექტის ამერიკული მხარის მონაწილეობით განხორციელება და რუსულ-ჩინურ ინვესტიციებზე უარის თქმა იყო.

ხელისუფლება გენერლის ვიზიტზე დუმს. თუმცა, ამ ვიზიტის შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება არ აღდგება.

მოკლედ, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პრემიერის ნაცვლად, ასევე  ფულის გათეთრების საქმეზე, ყოველ 2 დღეში ერთხელ, სასამართლო პროცესებზე მამუკა ხაზარაძე დადის და პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხედვებს სასამართლოს შენობის წინ ვირტუალურად შექმნილი „ოფისიდან“ აცნობს საზოგადოებას. 28 თებერვალს კი, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკში“ გათეთრებული თანხების ბრალდებაზე სასამართლო პროცესი დასრულდება.

ციხით მოსუფთავებული პოლიტიკური ველი, ანუ ოპოზიცია-პოზიცია და აშშ

სახელისუფლებო უარი ამერიკულ მოთხოვნებზე სახეზეა. ივანიშვილის ხელისუფლება არათუ ანაკლიასთან, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც არ დაემორჩილა დასავლეთის ზეწოლას და 2020-ის არჩევნები, მიუხედავად ოპოზიციურ-პოზიციური მოლაპარაკებებისა, კვლავ ძველი, შერეული (მაჟორიტარულ-პარტიული) სისტემით ჩატარდება.

იმ შემთხვევაში თუ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ამერიკასთან ორმაგ თამაშს გააგრძელებს, გამორიცხული არაა, რომ ის მართლაც გახდეს მეორე ოლიგარქი, ვისაც დასავლეთი სანქციებით შეუტევს.

მითუმეტეს, რომ სწორედ მოლდოველი ოლიგარქივით უტევს ივანიშვილი ოპოზიციას, ყოფილ პარტნიორებს და მათ ციხეში უმზადებს ადგილებს.
ცნობისთვის პლახოტნიუკმაც, საკუთარი პოზიციები რომ გაემყარებინა მოლდოვაში, ციხეში ჩაესვა სწორედ თავისი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორიცა და დაპირისპირებული ოპოზიციონერი ლიდერიც.

მოლდოვური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ვლად პლახოტნიუკმა არამარტო თავისი მთავარი კონკურენტი, ერთ დროს კი პარტნიორი, მოლდოვის ექსპრემიერი ვლადიმერ ფილატი ჩასვა ციხეში 9 წლით, არამედ მისი წყალობით, კიდევ ერთ ბიზნესმენს, ყოფილ დეპუტატსა და მოწინააღმდეგეს, ვლადიმერ პლატონს, 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, ახლა თავადაა ძებნილი სწორედ ფულის გათეთრების ბრალდებით. სამშობლოში პლახოტნიუკს 18 მილიონი დოლარისა და 3,5 მილიონ ევროს გათეთრებას ედავებიან.

ჩვენი ინფორმაციით, ამერიკელები საქართველოშიც ხედავენ იგივე სიტუაციის გამეორების საშიშროებას ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში მყოფი ივანიშვილისგან.

სწორედ ამის გამოა, რომ საქართველოს ამერიკელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და თანაც წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

პლახოტნიუკი მოლდოვას გასული წლის ივნისში ჩამოაშორეს, სწორედ იმით, რომ ოლიგაქრის მაქინაციებით გაბეზრებულ მოქალაქეებს არჩევნებით პლახოტნიუკის პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საშუალება მიეცათ. მოლდოველმა ოლიგარქმა მოლდოვა დატოვა. ახლა მისთვის სანქციების დაწესება შესაძლოა, ივანიშვილისთვის მაგალითის საჩვენებლადაც არის გამიზნული, ანუ იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მოსდით იმ ლიდერებს, რომლებიც ქვეყნის „დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის დიდი ზიანის“ მიყენებას იწყებენ.

ამის მაგალითები საქართველოს უახლოეს საარჩევნო ისტორიასაც კარგად ახსოვს.

როცა საქმე ქართულ არჩევნებს ეხებოდა, ამერიკელები გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის გადამწყვეტ დროს ამბობდნენ: არჩევნების გაყალბების საშუალება, თავის დროზე არც ედუარდ შევარდნაძეს მისცეს ამერიკელებმა და 2003 წელს მიხეილ სააკაშვილით ჩაანაცვლეს. როცა სააკაშვილს არ უნდოდა პოზიციების დათმობა და 2012 წლის არჩევნებში ძალის გამოყენებას აპირებდა, მაშინაც ამერიკელებმა შეაჩერეს და ივანიშვილით შეცვალეს.

ახლა, როცა ივანიშვილის კარის თამაშები აშშ-თან არც თუ ისე კორექტულ ფორმებს იღებს და ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს უშლის ხელს, დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება, რომ შტატები ისევ ჩაერევა და არა – ერთი კონკრეტული ლიდერის სასარგებლოდ!

ვნახოთ, რა გზავნილებს ჩამოიტანს ამერიკის ელჩი და როგორ მომწიფდება ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ველზე სიტუაცია. “2020NEWS“-ის ინფორმაციით, ივანიშვილის ჩამნაცვლებელი, გამოკვეთილი ფავორიტი ჯერ ამერიკელებს არ ჰყავთ.

ჩვენი ინფორმაციით, აშშ ისევ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე გათვლას არ გააკეთებს. გათვლა ვერ კეთდება „ნაციონალური მოძრაობის“ განაყარ პარტიაზე „ევროპული საქართველო“, რადგან მათ აქამდე ყოფილი თანაგუნდელების რეიტინგისა და საარჩევნო შედეგების უკან ჩამოტოვება ვერ მოახერხეს. რაც მთავარია, ერთიც და მეორე პარტიაც ყველა არჩევნებზე „მხვერპლები“ არიან იმ სახელისუფლებო პიარის, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება წარმატებით იყენებს: „ოცნება თუ დამარცხდა, მიშა მოვა!”.

დიდი გათვლები ამერიკელებს არც ალეკო ელისაშვილსა და მის „სამოქალაქო“ მოძრაობაზე აქვთ. მუდმივი და მყარი ელექტორატის მიუხედავად, ანალოგიურ სიტუაციაშია შალვა ნათელაშვილი და მისი „ლეობორისტული პარტია“.

ბევრად უფრო დამაიმედებელი მდგომარეობა აქვს მამუკა ხაზარაძესა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“. თუმცა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება ხაზარაძის ბრალეულობის საქმე სასამართლოში. ასევე, რამდენად შეძლებს „შენების მოძრაობის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ლელოს“ გაერთიანებული გუნდი ძლიერ პარტიად იქცეს.

ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი, პოზიციების შესანარჩუნებლად, იმ ავანტურაზეც წავა, რომ „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ციხეში ჩასვამს. ასეთ დარტყმას კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გაუძლოს.

2020-ის არჩევნები და აშშ

ამდენად, შტატების ახალ ელჩს საქართველოში ასეთი ვითარება ხვდება. ვნახოთ, მისი ჩამოსვლის შემდეგ, რამდენად შეიცვლება მმართველი ოლიგაქრის პოზიციები.

მთავარი კი ისაა, როგორც არ უნდა ფიქრობდეს ივანიშვილი, თუ კარგად ითამაშებს, თუნდაც წესების გარეშე, აშშ უღიარებს არჩევნებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის, ქართველ ხალხსა და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის მის ბრძოლას უჭერს მხარს და არა – რომელიმე კონკრეტულ არაფორმალურ მმართველს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე ვადით არჩევნების გაყალბებას, ან მთელი ოპოზიციის ციხეში გამომწყვდევას მას არავინ აპატიებს. ნურც ის დაავიწყდება, რომ მისი მილიარდების გაყინვის საშიშროება იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე თავად ეს მილიარდები არსებობენ.

ასე რომ, პოლიტიკური შოუ ახლა იწყება – ოპოზიციისთვის “ცივი ნოემბრის” მომწყობი ივანიშვილისთვის ამერიკული “ცივი თებერვალი” დგება.

რუსა მუმლაძე

წყარო: 2020news.ge

მსგავსი მასალები