TOP

ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს აქვს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 16 იანვარს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, სადაც მოცემულია მოსახლეობის განწყობები მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე კარგად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს. როგორც გამოკითხვაშია აღნიშნული, თბილისის მერის საქმიანობას 13% აფასებს ძალიან კარგად, 31% – კარგად, 32% – საშუალოდ. რეეხება ცუდ და ძალიან ცუდ შეფასებას, ასეთი განწყობა აქვს მხოლოდ 22%-ს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კალაძის შესახებ კითხვები მოქალაქეებს მხოლოდ თბილისში დაუსვეს.

კალაძეს რეიტინგში მოსდევს პრემიერი გიორგი გახარია. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 4%, კარგად – 17%, საშუალოდ – 34%, ასევე 34% კი ძალიან ცუდად, ან ცუდად.

ლიდერებს შორის მესამე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ბოლო ადგილზე კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის საქმიანობას მხოლოდ 9% აფასებს ძალიან კარგად, ან კარგად. სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 54% აფასებს ცუდად, ან ძალიან ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი მასალები