პოლიტიკა

გიორგი გახარია: დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

ღირსეული ადამიანი და ღირსეული პროფესიონალია, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.

მისი თქმით კანდიდატთა სიიდან მხოლოდ ირაკლი შოთაძეს იცნობს, თუმცა იქ სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან.

„გენერალური პროკურორის კანდიდატს, გარკვეული დროის შემდგომ უკვე, საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

 

მსგავსი მასალები