TOP

გასაჯაროვდა წერილი, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპელ პარტნიორებს გაუგზავნა

წერილი, სადაც პოლიტიკურ დევნასა და მედიაზე ზეწოლის ფაქტებზეა საუბარი, „ფორმულამ“ გაასაჯაროვა.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ მთავრობის მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება და პოლიტიკური აქტივიზმისგან მოქალაქეების ჩამოშორებაა.

„ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს,

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის,

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარეს ანდრიუს კუბილიუსს,

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დეივიდ მაკალისტერს,

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს

რამდენიმე წლის წინ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და ამით ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ევროპული სტანდარტებისადმი ვალდებულებები გააძლიერა. ევროკავშირი ათწლეულზე მეტია საქართველოსთან აწარმოებს „ადამიანის უფლებების დიალოგს“ და ცდილობს ამ გზით მხარი დაუჭიროს რეფორმების დღის წესრიგს.

თუმცა, როგორც Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო სწრაფი ტემპით შორდება იმ სტანდარტებს, რასაც ევროსაბჭოს წევრისგან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ქვეყნისგან ელიან. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც 2013 წელს მცირე ხნით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, საქართველოს არაფორმალურად თითქმის რვა წელია მართავს. ამ არაფორმალური მმართველობის შედეგია სახელმწიფოს მიტაცება, ადამიანის უფლებათა სტანდარტების გაუარესება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს და გამოძიების აშკარა გამოყენება.

წერილზე ხელმომწერი პირები წარმოვადგენთ მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრს, ხშირად განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგით, როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე საგარეო საკითხებზე. ხელმომწერთა შორის არიან პოლიტიკოსები, ისევე როგორც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სამოქალაქო აქტივისტები. მიუხედავად ამისა, ყველა ჩვენთაგანი არის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს სამიზნე, მთავრობის მიერ, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. რამდენიმე ხელმომწერი უკვე ციხეშია, სხვები კი სამართლებრივ დევნას და მიმდინარე გამოძიებებს ექვემდებარებიან.

მაშინ, როდესაც საქართველო ემზადება წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მმართველი პარტია, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, სწრაფად კარგავს ამომრჩეველს. ამავე კვლევებით, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ ქვეყანა დემოკრატიული სტანდარტებიდან მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის.

იმის მაგივრად, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესის წინსვლა დაუშვას, ივანიშვილმა გადაწყვიტა მიმართოს სამართლებრივ დევნას -პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი მედიის, იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტებს. აშკარაა, რომ მთავრობის მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება და პოლიტიკური აქტივიზმისგან მოქალაქეების ჩამოშორებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ეს ვერ დაეხმარება ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში, დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას შესაძლოა მოყვეს ქვეყანაში ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია, რაც ევროკავშირისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს უკან დახევს. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ, უკან წაიღოს დაპირება საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით, აღაშფოთა საქართველოს მოქალაქები და გამოიწვია სახალხო პროტესტის დიდი ტალღა. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს და მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა წამოიწყეს, ჯერჯერობით უშედეგოა. ივანიშვილის მთავრობა განაგრძობს ოპონენტებზე ზეწოლას პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით, ნაცვლად იმისა რომ კონსენსუსისთვის ხელშემწყობი პოზიციებით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ჩვენ, როგორც მთავრობის მხრიდან სამოქალქო თავისუფლებაზე თავდასხმის სამიზნეებმა, გადავწვიტეთ, მოგმართოთ, იმ რწმენით, რომ თქვენი ორგანიზაციების მაღალი ავტორიტეტის გამოყენებით, გადასცეთ საქართველოს ხელისუფლებას თქვენი შეშფოთება პოლიტიკურად მოტივირებული მიმდინარე საქმეების მიმართ. ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს დიალოგს ადამიანის უფლებებზე, რომ მოითხოვოს მთავრობის პასუხისმგებლობა იმ საქმეების მიმართ, რომელთა შედეგად, ჩვენ უკვე დავკარგეთ თავისუფლება, ან ეს უახლოეს მომავალში გვემუქრება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები მიმდინარე საქმეების დეტალურ მონიტორინგს განახორციელებენ. საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეახსენონ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ემყარება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებს. ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს.

ჩვენ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ ყველას გვსურს საქართველო იყო კანონის უზენაესობის პრინციპებზე დამყარებული თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, გვჯერა, რომ თქვენც იზიარებთ ამ პოზიციას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

პოლიტიკური ლიდერები:

ირაკლი ოქრუაშვილი

ნიკა მელია

გიგი უგულავა

გიგა ბოკერია

მამუკა ხაზარაძე

ბადრი ჯაფარიძე

დამოუკიდებელი მედია

ნიკა გვარამია

გიორგი რურუა

ავთანდილ წერეთელი

ზურაბ გუმბარიძე

2019 წლის ივნისის შემდეგ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები

ბესიკ თამლიანი

კობა კოშაძე“, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი მასალები