TOP

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია დათმობაზე თუ არ წავა, დაადასტურებს, რომ მხოლოდ რევოლუციური სცენარი აქვს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე კომპრომისზე არ წავა, თეორიულ შანსს დატოვებს იმის, რომ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს და ამის საუკეთესო პირობა არის – 77/73.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, მეხუთე რაუნდს აუცილებლად ექნება შედეგი, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა შესასრულებელი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ორივე მხარემ ბოლომდე წაიკითხოს და არა მხოლოდ ის აქცენტები, რაც აქამდე ერთი თუ მეორე მხარიდან მოისმინა.

„უცხო არ იყო, რომ ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდა იმაზე, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობას საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს და ამის ძიება აუცილებელი არ არის სხვაგან სადმე, მით უმეტეს, არასწორი მისამართით. ის, რომ საარჩევნო სისტემის არჩევანი არის სუვერენული უფლება, ეს უცხო არ არის. აქცენტები ძირითადად ამაზე კეთდება. საინტერესოა ის ნაწილია, რაზეც კონტექსტს ნაკლებად ვისმენ. ეუთოს დასკვნაში მინიშნებულია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად პრინციპს: წარმომადგენლობითობა დაცული უნდა იყოს და ხელი უმრავლესობის ჩამოყალიბებას უნდა შეეწყოს, რაც იქნება იმის გარანტი, რომ მმართველი გუნდი შეძლებს სტაბილურ მართვასა და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ამან განაპირობა ჩვენი პრინციპული პოზიცია. ეს დასკვნა ბოლომდე წაიკითხონ და ძირითადი აქცენტები გაითავისონ. მაშინ, მეხუთე რაუნდი აუცილებლად იქნება შედეგიანი.

100 /50 სრულად ასახავს და ბოლომდე ამოწურავს იმ მითითებებსა და კომპრომისსაც, რაც შესაძლოა, იყოს მიღწეული”, – აცხადებს ხუნდაძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია დათმობაზე არ წავა, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც აქამდე ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ რევოლუციური სცენარი აქვთ.

„მოლოდინი მაქვს, რომ ისინი დათმობაზე არ წავლენ, რადგან ისინი პარლამენტში შესვლის გზად მხოლოდ რევოლუციას ხედავენ და ამიტომ არ ტოვებენ ქუჩას. მათ მოვუწოდებ, საკუთარ და ქვეყნის რეიტინგს გაუფრთხილდნენ. იზრუნონ ქვეყნის სტაბილურობასა და არა პარლამენტში ნებისმიერი გზით სავარძლების მოპოვებაზე. ოპოზიციას მეტი გონიერება უნდა ეყოს. თუ კომპრომისზე არ წავლენ, თეორიულ შანსს დატოვებენ იმის, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამის საუკეთესო პირობა არის – 77/73“, – განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძის მოსაზრებით, პარტიების რეიტინგი უნდა იყოს არა სახელ-გვარებსა და ერთეულ პიროვნებებზე დამოკიდებული, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებიც პარტიის ინტერესებს იზიარებენ და მათ აქვთ მთავარი ინტერესი, ქვეყნის სტაბილურობა დაიცვან.

„თუ ოპოზიციას ეშინია, რომ ეს მაჟორიტარები უმრავლესობაში გაიმარჯვებენ, ე.ი. „ქართულ ოცნებას“ ჰქონია მაღალი რეიტინგი. ამ დროს თეორიულ მოლოდინებს დებენ, რომ საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა მათ აქვთ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. გავზომოთ მათი მხარდაჭერა ქუჩაში. მაქსიმუმ 100 ადამიანია, მუდმივად ერთი და იგივე სახეები, ხან დასავლეთში, ხან აღმოსავლეთში, მათ გვერდით საზოგადოებას ვერ ვხედავ. საზოგადოების მხრიდან მათი მხარდამჭერა პრაქტიკულად ნულია“, – დასძინა ხუნდაძემ.

მსგავსი მასალები