პოლიტიკა

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა განახორციელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში, სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.  კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების  ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების  განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას  და ასევე  კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან  ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ოფიციალურ საიტებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გავრცელდა წარწერით – “მე დავბრუნდი”.

მსგავსი მასალები