TOP პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

მან მოიყვანა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების უგულებელყოფის კონკრეტული მაგალითები.

„პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები – ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული ვითარება. ამ კონტექსტში, განხილული იყო 2018 წლის შედეგები და მიმდინარე წლის პერსპექტივები. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სფეროებში ჩართულია მრავალი ქართული კომპანია, გამოითქვა წინადადებები მათი ინტერესების დაცვისა და პრობლემების მოგვარების მიზნით.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.

აღინიშნა, რომ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედების პროცესში პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

ასევე განხილული იყო ქონებრივი და ჰუმანიტარული საკითხები. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის მიერ გავარცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოულოდნელი უსიამოვნებები ელოდება.

მსგავსი მასალები