მედიცინა

რამდენი გულგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? – “გულის გადანერგვაზე ნებართვა დედამისმა მოგვცა”…

მუქი სათვალით ემალება ზამთრის მზეს. თან ცდილობს ვაკის პარკის წითელი ქვიშა შავი სპორტული ფეხსაცმლიდან ჩამოიბერტყოს. ქურთუკის საყელოს ისწორებს. გვერდიგვერდ მივდივართ. ვერ ვხვდები, როგორი ტემპით ვიარო. ცოტა ავუჩქარო ნაბიჯს თუ პირიქით, შევანელო? ვლაპარაკობთ. მის სუნთქვას ვაკვირდები. ხომ არ დაიღალა? თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა, უცებ ჩერდება და მეუბნება:

სასაცილო იცი რა არის? ხალხი მერიდება ხოლმე, თითქოს ეშინიათ, რამე არ დამემართოს. არადა, ჩვეულებრივი ტიპი ვარ. თავს არაფრით ვზღუდავ. სანამ ახალ საქმეს წამოვიწყებდი, დილაობით, ვაკის პარკში დავრბოდი კიდეც. ახლა ვეღარ ვასწრებ, თუმცა, რაღაც უნდა მოვიფიქრო და ისევ დავიწყო ვარჯიში.

გიორგი სარქისოვი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც 5 წლის წინ გული გადაუნერგეს. ის ახლა 35 წლისაა და გული აღარ აწუხებს. აქვს საკუთარი საქმე – სამშენებლო ბიზნესში. ამბობს, რომ ეს საქმე მისგან აქტიურ დატვირთვას ითხოვს და ამ საქმეს პრობლემების გარეშე ართმევს თავს.

5 წლის წინ, ექიმებმა კარდიომიოპათიის, დეკომპენსირებული გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. გულის გადანერგვა იყო ერთადერთი გამოსავალი მისი სიცოცხლის გადასარჩენად. გარდა იმისა, რომ მას ოპერაციისთვის საჭირო 100 ათასი დოლარი როგორმე უნდა შეეგროვებინა, გიორგის გულიც უნდა ეპოვა.

ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა თანხა წელიწადნახევრის თავზე შეუგროვეს და გიორგის მინსკში გამგზავრებაც გადაწყდა.

მინსკში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში, 2014 წლის მაისის ბოლოს, გიორგის დონორი გამოჩნდა. ავტობანზე ავარიაში 38 წლის ბაიკერი დაიღუპა:

„გუშინდელი დღესავით მახსოვს. სიუჟეტს იმ ავარიის შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში ვუყურე. რამდენიმე საათში კი შემატყობინეს, რომ ჩემთვის გული გამოჩნდა. როგორც მითხრეს, მოჭიდავე და ბაიკერი იყო, მაღალი, ჯან-ღონით სავსე, ჯანმრთელი ორგანოებით. იქ ასე ყოფილა, ბაიკერები, მართვის მოწმობის აღებისთანავე, ავსებენ განაცხადს დონორობის შესახებ. ამ ბიჭსაც შევსებული ჰქონია ეს განაცხადი. თუმცა, საბოლოოდ, გულის გადანერგვაზე ნებართვა დედამისმა მოგვცა. ასე უთქვამს, ვერც ჩემი შვილი და ვერც მე, ამაზე უკეთესს ვეღარაფერს ვიზამთო“.

გიორგიმ სხვა მეტი არაფერი იცის იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა. არც ის იცის, სად ცხოვრობდა, რომ დედამისი იპოვოს.

„საავადმყოფოში ამიხსნეს, რომ მე არ მაქვს უფლება ვიცოდე, ვისი ორგანო გადამინერგეს. ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდესმე იმ ბიჭის დედა მოისურვებს ჩემთან შეხვედრას. მინდა, რომ მადლობა გადავუხადო სიცოცხლისათვის“.

დღეს საქართველოში სულ შვიდი გულგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 14 წლის გოგონა.

მას შემდეგ, რაც გიორგიმ ახალი გულით ახალი ცხოვრება დაიწყო, ის უკვე იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთათვისაც გულის გადანერგვის ოპერაცია გადარჩენის ერთადერთი შანსია.

33 წლის აჩი მეფარიშვილი ერთ-ერთია იმ შვიდიდან, რომელმაც 2 წლის წინ, ასევე მინსკში გადაინერგა გული. 6 თვე ელოდა დონორის გამოჩენას. გული 33 წლის დონორისგან ერგო. ის ანევრიზმით გარდაიცვალა.

„თავიდან ხშირად ვფიქრობდი ხოლმე იმ ადამიანზე, რომლის გულიც მიცემს. მეცოდებოდა. მერე მითხრეს, რომ ამაზე არ უნდა მეფიქრა, რომ მან და მისმა ოჯახმა ამ ჟესტით სიკეთე გააკეთეს და ეს მათი სურვილი იყო“.

გიორგი და აჩი დღეს მეგობრები არიან. ორივე ამბობს, რომ შანსი რომ ჰქონდეთ, არც კი დაფიქრდებოდნენ, ისე გახდებოდნენ დონორები:

„თუკი ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემი ორგანოები სხვა ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს, ამაზე დიდი მადლი რაღა უნდა იყოს? აუცილებლად უნდა არსებობდეს კანონმდებლობა და შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, რა ბედი ელის მათ ორგანოებს“, – ამბობს გიორგი.

 

წყარო: radiotavisupleba.ge

მსგავსი მასალები