TOP პოლიტიკა

ბახტაძე: გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს ეხმარებოდა

დღეს რომ პირველი აპრილი იყოს, უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება, ისიც კი მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მასში მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან Rugbi TV-ისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი წერილის შინაარსზე ჟურნალისტების დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ წერილის შინაარსზე, რომელიც მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

“ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც აღნიშნა და მეც, როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა დავადასტურო, რომ ჩემი კაბინეტის ნებისმიერი მინისტრი მზად არის, ყოველთვის გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვას, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებში. რაც შეეხება წერილის შინაარსს, რომელიც მედიის მეშვეობით წავიკითხეთ, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლება და მედიაპლურალიზმია, რასაც მმართველი გუნდი განსაკუთრებით უფრთხილდება.

“გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი და პირადად მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს, რომ თავიანთი უფლებები აღედგინათ და ამას 24-საათიან რეჟიმში აკეთებდა. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მეტად მაფიქრებინებს, რომ როგორც ჩანს, ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული (ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა) საქმე. გიორგი გახარია, ისევე, როგორც კაბინეტის თითოეული წევრი, ყოველთვის გასცემს პასუხს ნებისმიერ კითხვაზე. თუ არსებობს კითხვები, მათ სჭირდება პასუხები, მაგრამ როდესაც წერილის შინაარსზე მეკითხებით, მასზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. მან სასამართლოში წერილის ასლიც მიიტანა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა. შს მინისტრმა კი ხაზარაძის ბრალდებას ასე უპასუხა: „მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას“.

 

 

მსგავსი მასალები