TOP პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრეზიდენტს ქალაქ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო დროშებით და საპატიო ყარაულით სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია შეხვედრები ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან.

სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

მსგავსი მასალები