სამართალი

მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი” დააკავეს(ვიდეო)

ქართველი „კანონიერი ქურდი” მერაბ გოგია, რომელსაც ქურდულ სამყაროში „მელიას” მეტსახელით იცნობენ, მოსკოვში დააკავეს.

განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმმა კორპუსი, სადაც „კანონიერი ქურდი” ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შტურმით აიღო.

სპეცრაზმის ერთი ნაწილი ბინაში აივნიდან შევიდა, მეორე ნაწილმა კი კარი შეანგრია. მათ ბინაში მყოფები იატაკზე დაყარეს და ძალის გამოყენებით იზოლატორში გადაიყვანეს.

ქართველ „კანონიერ ქურდთან” ერთად დაკავებულია, ვინმე სახაროვი, რომელიც რუსეთის მოქალაქე არ გახლავთ და სავარაუდოდ მას ქვეყნიდან გააძევებენ. ბინაში ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამი სხვადასხვა პასპორტი ამოიღეს, რომლებიც ყალბი აღმოჩნდა.

ცნობისთვის: „მელია”, იგივე მერაბ გოგია (დაბ.1953 წ. 23 ივლისს) ქუთაისელი „კანონიერი ქურდია”, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, შემდეგ ესპანეთში გადასახლდა, სადაც იგი ინტერპოლის მიერ ე.წ.„წითელი ცირკულარით” იძებნებოდა. 2006 წელს ესპანელებმა დააკავეს და თბილისს გადმოსცეს, კრიმინალური ავტორიტეტი მე-7 საპყრობილეში მოათავსეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის კვლავ რუსეთში ჩავიდა.

მას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ქურდულ სამყაროზე და შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ მის შემცვლელადაც განიხილავდნენ.არ არის გამორიცხული რუსეთმა მისი დეპორტაცია კვლავ საქართველოში მოითხოვოს, თუმცა ბოლო დროინდელ პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ოფიციალური თბილისი მის მიღებაზე უარს იტყვის.

წყარო: primetime.ge

მსგავსი მასალები