რეცეპტები

გთავაზობთ რჩევებს, როგორ შევღებოთ კვერცხი სწორად

წითლად შეღებილი კვერცხი  ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლოა.

სააღდგომო კვერცხის შეღებვის მეთოდები მრავალფეროვანია.

კვერცხის შესაღებად გამოიყენება სხვადასხვა სახის ქიმიური ფხვნილები ან მცენარეეები.

განსაკუთრებით ლამაზია ენდროს ფესვებით შეღებილი კვერცხი და რაც მთავარია საღებავი არ გადადის ხელზე ან ტანსაცმელზე.

გთავაზობთ რჩევას, როგორ შეღებოთ კვერცხები სწორად ენდროს გამოყენებით.

დაგჭირდებათ:

• სასურველი რაოდენობის კვერცხი;

• ერთი შეკვრა ენდრო (ღებავს დაახლოებით 30 კვერცხს);

• ერთი ჩაის კოვზი მარილი;

• ერთი სუფრის კოვზი ძმარი;

• ხახვის გარე ფურცლები (4-5 თავი);

• წყლით სავსე ჭურჭელი (კვერცხი რომ დაიფაროს)

 

კვერცხების მომზადება:

იმისათვის, რომ კვერცხები მოხარშვის პროცესში არ დასკდეს და დაიბზაროს, სასურველია თუ შეღებვამდე გამოიღებთ მაცივრიდან და გააჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში (ან ჩადებთ თბილ წყალში 10-20 წუთის განმავლობაში).

იმისათვის, რომ საღებავი კვერცხის მთელს ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს, სასურველია კვერცხები ჩადოთ თბილ წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კი გარეცხოთ პარალონის ღრუბლითა და საპნით და კარგად გაავლოთ წყალში.ამ პროცედურების შემდეგ კვერცხები მზად არის შესაღებად.

საღებავის მომზადება:

თუ ენდრო უკვე დაჩეჩქვილი (ფხვნილის სახით) არ გაქვთ, კარგად გარეცხეთ ერთი შეკვრა ენდროს ფესვები, შემდეგ კი გულმოდგინედ დაჩეჩქვეთ ხორცის საბეგვი ჩაქუჩის, ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით.

თუ დაჩეჩქვას ვერ ახერხებთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და გამოკარით მარლაში (შესაძლებელია ქალის წინდის – კოლგოტის გამოყენება).

დაჩეჩქვილი, ფხვნილის სახით ან მარლაში გამოკრული ენდრო მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით 1,5-2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი (ენდროს მარლაში გამოკვრა საჭიროა იმისთვის, რომ კვერცხები საღებავით ზედმეტად არ დაისვაროს).

ამის შემდგომ, ჭურჭელში ენდროსთან ერთად ჩააწყვეთ ხახვის გარე ფურცლები (თუ ენდროს ხარისხში დარწმუნებული ხართ და იგი სწორად არის მომზადებული, შეგიძლიათ ხახვის ფურცლები საერთოდ არ გამოიყენოთ).

დაწინწკლული კვერცხი: 

მოამზადეთ ხახვის ფურცლებისა და ენდროს ნახარში, გარეცხეთ კვერცხი და სველი ამოავლეთ ბრინჯში. მაშინვე მჭიდროდ შეკარით მარლაში, მარლის ბოლოები გაკვანძეთ და ხარშეთ 15 წუთი ადუღების შემდეგ.

ყვავილებიანი კვერცხი:

დაგჭირდებათ ქორფა მწვანილი – ოხრახუში და კამა… მოამზადეთ სასურველი ნახარში (აჯობებს წითელი), გააჩერეთ, რომ გაცივდეს. გარეცხეთ კვერცხები და გააშრეთ. თითოეულ კვერცხზე დაადეთ მწვანილის ფოთლები და მაქსიმალურად მჭიდროდ შეკარით ძაფით. მოათავსეთ ნახარშში და ხარშეთ 15 წუთი. შემდეგ მოხსენით ძაფით დამაგრებული მწვანილის ფოთლები.

მოწითალო-ყავისფერი:

მოამზადეთ ხახვის ნაფცქვენი და ენდრო (თუ ენდროს ფესვები გაქვთ, დაჩეჩქვეთ, თუ ფხვნილი, პირდაპირ ჩაყარეთ შემდეგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ) დაასხით წყალი, ადუღეთ 30 წუთი და შემდეგ გააჩერეთ. ნახარში რომ გაცივდება, მოათავსეთ ამ ქვაბშივე კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. რაც უფრო მეტი ხახვის ფურცელს ჩაყრით, მით მუქი გამოვა კვერცხი.

რჩევა:

სასურველია ენდროს მომზადება კვერცხის შეღებვამდე 12 საათიით ადრე დაიწყოთ. საღებავი შედარებით კარგად გამოვა და კვერცხის ფერიც იქნება გაცილებით ხალასი წითელი.

 

 

 

მსგავსი მასალები