TOP

რა პირობა წაუყენა საპატრიარქომ გიორგი მამალაძის ოჯახს შეწყალების სანაცვლოდ?

მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საპატრიარქო გიორგი მამალაძის შეწყალების სანაცვლოდ კონკრეტულ წინაპირობას აყენებს.

საპატრიარქო გიორგი მამალაძისგან წერილს ითხოვს, სადაც ცალსახად იქნება დაფიქსირებული, რომ მის საქმეში შორენა თეთრუაშვილს არანაირი როლი არ აქვს.

თორნიკე მამალაძის მტკიცებით, ამ მოთხოვნით, საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავთან, მასთან მამა ანდრია ჯაღმაიძე მივიდა.

დეკანოზის ძმა ამბობს, რომ როდესაც საპატრიარქომ ეს წერილი ვერ მიიღო, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე მსჯელობა საპატრიარქოში აღარც გაგრძელებულა.

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად თავად მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა რეალურად გადასცა თუ არა მან პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის დანაბარები თორნიკე მამალაძეს, რაც ჯაღმაიძემ უარყო.

„კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს. თუ რაიმე დანაბარები გადავეცი მას, წარმოადგინოს მტკიცებულებები. სულ ასე ზეპირად ლაპარაკობენ. მე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, რომ თორნიკე მამალაძესთან მქონდა გარკვეული დიალოგი. ბევრჯერ ვთქვი, რომ საპატრიარქო არაფერს არ ითხოვს მისგან, ის თავად მოვიდა სათხოვნელად.

მას ჰქონდა თხოვნა, შეეძლო თუ არა საპატრიარქოს შუამდგომლობა დაეწერა, – მე მას ავუხსენი, რომ შეუძლებელია საპატრიარქომ დაწეროს შუამდგომლობა ასეთ ვითარებაში, როდესაც თქვენგან მოდის ამდენი ბრალდებები, სიცხადე უნდა შესძინოთ თქვენს ბრალდებებს. ან უნდა მოიტანოთ საბუთი, ან გამოაქვეყნოთ თუ გაქვთ რამე, ან უნდა თქვათ, რომ შეგეშალათ და იყო ტყუილი. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თქვენ გქონდეთ უფლება და ითხოვოთ შეწყალება. სხვა შემთხვევაში, როდესაც ეუბნები საპატრიარქოს, რომ შენ დამიგეგმე მღვდლის პატიმრობა და ახლა შემიწყალეთ, ეს არის ყოვლად გაუგებარი.

მისივე თქმით,  როგორ გააკეთებს საპატრიარქო ამას, როდესაც საზოგადოებისთვის ცხადი არ არის მას ცილს სწამებენ თუ მართლა დამნაშავეა.

„წარმოიდგინეთ, მოდის ადამიანი და რაღაც თხოვნა აქვს, რა უნდა ვუთხრა მე? ვეუბნები, რომ შეუძლებელია. იმიტომ არის შეუძლებელი, რომ შენ სდებ ბრალს საპატრიარქოს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს აღდგომის პერიოდში მოლოდინი ჰქონდათ, რომ მისი შეწყალების საქმეზე საპატრიარქო შუამდგომლობას დააყენებდა თუმცა ასე არ მოხდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

2017 წლის 5 სექტემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალაძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

წყარო: primetime.ge

 

მსგავსი მასალები