სხვადასხვა

კახეთში სტიქიამ ნარგავები და ვენახები გაანადგურა

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, გუშინდელმა სტიქიამ კახეთში 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზე არსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, ხეხილის ბაღები და ვენახები გაანადგურა.

ადგილზე ისევ რჩებიან სახანძარო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოვარდნილი ღვარცოფისგან დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებენ.

მდინარის კალაპოტებში წყლის დონემ უკვე დაიწია და ახლა ნაპირსამაგრი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ სტიქიის თავიდან აცილება შეიძლებოდა მდინარე ალაზანზე და ინაბოტზე დამცავი ჯებირები რომ ყოფილიყო. ხანდამაშვილი ორკილომეტრიანი დამცავი ნაგებობების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც სტიქიური მოვლენების დროს ზარალის მასშტაბებს შეამცირებს.

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

მსგავსი მასალები