განათლება

მარიამ ჯაში: მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად…

მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად, ბიუჯეტიდან დაახლოებით 250 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა უკვე განიხილა ეკონომიკურმა გუნდმა.

“ძირითადი ცვლილება შეეხება ბიუჯეტის შესახებ კანონს და მაისის ბოლომდე ჩვენ ველოდებით შესაბამისი ინიციატივის შემოტანას მთავრობის სახელით. ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაახლოებით 250 მილიონი ლარის ცვლილება შეეხება. ეკონომიკური ბლოკი ამუშავებს აღნიშნულს და ბუნებრივია ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება. ასევე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევნის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

 

მსგავსი მასალები