პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: “მეც შვილმკვდარი მამა ვარ…“

“მეც შვილმკვდარი მამა ვარ“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონის განვითარებისთვის და დეცენტრალიზაციის მიზნით, აუცილებელია პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდეს.

მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. თუმცა ჩემი შვილი არის ქუთაისის პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს. მე ვარ შვილმკვდარი მამა და როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, ასევე ვერ გამაჩერებენ მეც. ყველა იმ პირზე ვიძიებ შურს, ვინც ეს ქმედება გააკეთა,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა.

დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.

2014 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაიბრუნა ძველი სამუშაო სივრცე, თბილისში, რუსთაველის 8 ნომერში. თბილისის პარლამენტის შენობაში ბიუროსა და კომიტეტების სხდომები აღდგა. გარემონტდა სხდომათა და საკომიტეტო მოსმენების დარბაზებიც.

2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის.

2019 წლიდან პარლამენტი ისევ თბილისში გადმოვიდა და სრული დატვირთვით მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის რეგიონული ცენტრი უნდა მოაწყოს, რომელიც მოსახლეობას მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიაწვდის.

შენობის ერთ ნაწილში საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი გაიხსნება, შემდეგ ეტაპზე კი შესაძლებელი იქნება პოლიციელების მეზობელი ქვეყნებიდან მოწვევა და გადამზადება.

 

მსგავსი მასალები