პოლიტიკა

ეკა ბესელია: საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე…

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში მისი დაზარალებულად გამოკითხვის დეტალებზე ილაპარაკა.

„სავარაუდო საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე. არა კონკრეტული გვარები, არამედ გარკვეული ჯგუფი და ასევე დავაყენე რამდენიმე საკითხი და რაც მთავარია გავეცანი მასალებს. თუმცა ამ მასალებში ვერაფერი სასიკეთო და იმედის მომცემი ვერ ვნახე. არც ერთი მტკიცებულება არ დევს. ცხრა ტომი წავიკითხე, ორი დღე ვიჯექი და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის წაკითხვა. გამიჩნდა უფრო მეტი კითხვა ვიდრე მქონდა. ახლა ველოდები მინისტრის საჯარო დაპირების შემდეგ იმ მთავარ კითხვაზე პასუხს. მალე ვაპირებ მასთან და მთავარ პროკურორთან პირადად შეხვედრას. ორივესთან მაქვს მთავარი კითხვა: მითხრან ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა ეს საზარელი ქმედება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია ამბობს, რომ მას მხოლოდ ორგანიზატორები აინტერესებს და საქმის საბოლოო გამოძიებამდე დანებებას არ აპირებს.

„ეს ვიდეომასალა არის 9 წლის წინანდელი, სააკაშვილის პერიოდის და შემდეგ ოდნავ დამონტაჟებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ამ ვიდეოს გავრცელება დაემთხვა ჩემს ღია კონფლიქტს მმართველ პარტიაში სასამართლოსთან დაკავშირებით. ძალიან ახლოს არის ეს ვერსია სავარაუდო პირთა წრესთან. თუ გახარია ვერ იძიებს, ეს პრობლემაა და თუ არ იძიებს იმიტომ, რომ ის უკავშირდება ისეთ ადამიანებს, ვისი გამოჩენაც არ სურს, ორივე შემთხვევაში პრობლემაა. ამ საკითხის მოხსნას დღის წესრიგდან არ ვაპირებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე მოსამართლემ ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

 

მსგავსი მასალები