Face-ამბები

რომან გოცირიძე: ქართველი დეპუტატები ”ჰუმანური” ტაბურეტკებით იქნებიან შეიარაღებულები

“ნახეთ ფოტოზე, რა ლამაზი და ფუმფულა ტაბურეტკები დაგვირიგეს პარლამენტში. თეთრი კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონებისთვისაა, დანარჩენი- ყველასი” – ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“17 მაისს ოჯახის სიწმინდის დასაცავად რუსთაველზე ათასობით ქართველი ვაჟკაცი და მანდილოსანი გამოვა.როგორც ყოველთვის, იქ გამორჩეული ქართველი დეპუტატებიც იქნებიან. თუ მათ საქციელს პირველი გამოსვლისას ცოტათი სიველურის ელფერი დაჰკრავდა, უწმინდურებს ხის ტაბურეტკებს უშენდნენ სხეულზე, ახლა ამ იარაღს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება-რბილი, ”ჰუმანური” ტაბურეტკებით იქნებიან შეიარაღებულები. სადაც არ უნდა მოსცხო, ტკივილს ვერ იგრძნობს” – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული შეკრების მონაწილეთა თავდასხმისათვის ბრალდებულად ცნეს 4 პირი .

ხოლო, 2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ”17 მაისის” საქმეზე ბრალდებულების ირაკლი (მამა იოთამ) ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტარიელ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის მიმართ  გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

შეგახსენებთ, 2014 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ.

ცნობისთვის, 2004 წლიდან  17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

მსგავსი მასალები