სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წელი და 6 თვე მიესაჯა

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის და გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 22 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისა და გაუპატიურების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული რ.ვ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.ვ.-მ, რომელიც მეგობარ ქალთან მ.მ-სთან ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, 2018 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით მ.მ-ს არასრულწლოვან შვილთან, სხვადასხვა დროს, სამჯერ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ასევე, ისარგებლა 7 წლის გოგონას უმწეო მდგომარეობით და გააუპატიურა ის.

სასამართლო პროცესზე, ასევე, დადგინდა, რომ გარდა აღნიშნული დანაშაულისა, რ.ვ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მ.მ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ.

სამართალდამცველებმა რ.ვ. 2018 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და „გოლდ-სტარის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.

რ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -141-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) 111 -137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ოჯახის წევრის მიმართ), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.ვ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი მასალები