TOP საზოგადოება

დავით მესხიშვილი: გამონაბოლქვთან დაკავშირებით, მოთხოვნები უნდა გამკაცრდეს! გამონაბოლქვი კლავს!

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის, ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებული გახდა. ახლო მომავალში კი შსს-ს ინიციატივით, ვიდეოჯარიმების გაზრდაა გათვალისწინებული, რის მიხედვითაც კამერით დაფიქსირებულ საგზაო წესების დამრღვევ მძღოლებს, ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, ქულებიც ჩამოეჭრებათ, რასაც ამ დრომდე მხოლოდ პატრულ-ინპექტორები ახორციელებენ.

აღნიშნულმა რეგულაციებმა მძღოლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სავალდებულო ტექინსპექტირების გასავლელად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწესრიგება გარკვეულ ფინანსურ ხარჯებზეა დამოკიდებული, სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა აქვთ შენიშვნები და რიგ საკითხებზე კონკრეტულ პასუხებსაც ითხოვენ.

როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განმარტავს, ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანის მიერ დაბინძურებული ჰაერი დაავადებულ ადამიანთა რიცხვის მატების ერთ-ერთი წინაპირობაა და თუ ამ საკითხში სახელმწიფო ლმობიერებას გამოიჩენს, ცუდ შედეგს მივიღებთ:

„მიზეზი, რატომაც ამ პროცესს მხარი დავუჭირეთ, რეალურად იყო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, რაც, მიუხედავად იმისა, რომ გვამშვიდებენ, თითქოს არაფერი ხდება, კატასტროფულად არის გაზრდილი. როგორ არ ხდება, გაივლის ავტომობილი და ორი წუთით ირგვლივ აღარაფერი ჩანს!.. რაც უნდა დაგვამშვიდონ, ეს არის შემაშფოთებელი.

ჩემთვის მთავარი იყო და რჩება ის პრინციპი, რომ გამონაბოლქვთან დაკავშირებით, ეტაპობრივად მოთხოვნები უნდა გამკაცრდეს, რადგან ყველამ კარგად შეიგნოს, რომ გამონაბოლქვი კლავს, ზოგს სწრაფად, ზოგსაც – ნელა, მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი.

სამწუხაროა, რომ მძღოლების ნაწილი ამას შეგნებით არ ეკიდება და წამლავს საკუთარი ოჯახის წევრებს, პირველ რიგში. მით უმეტეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მავნე ნივთიერებები კონცენტრირდება ერთი მეტრის სიმაღლეზე და ძირითადად ბავშვებს უწევთ მისი შესუნთქვა, რაც იწვევს სიკვდილს და ავადობას უპირველესად, ბავშვებში.

არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ლმობიერება იყოს სწორი და გამართლებული. მართალია, კონკრეტულად რის გამო იზრდება ავადობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად, ამის ზუსტი მონაცემები არავის აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ძირითადად, დაბინძურებულ გარემოს უკავშირდება, მგონი არ უნდა იყოს სადავო,“ – განმარტავს „მედიაცენტრ მთავართან“ მესხიშვილი.

მსგავსი მასალები