TOP პოლიტიკა

ეკა ბესელია: გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ…

„გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, დარჩება თუ არა „ქართულ ოცნებაში“ და რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები, ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირდება.

„თუ ყოველდღე მკითხავთ რას ვაპირებთ და რა ხდება ჩვენს გონებაში, ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგვრჩება. მართლა გვჭირდება ეს დრო, არ ვართ უქმად და გვაქვს შიდა კონსულტაციები, ვფიქრობთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ ეს იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი შედეგზე, იმ შედეგზე, რომელიც ამ პროცესს სჭირდება. დიდხანს არა, ალბათ, იმდენი დღე დაგვჭირდება, რამდენიც აუცილებელია შევჯერდეთ შემდეგ ნაბიჯებზე.

ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე. ეს ახლა სხვა ტიპის არჩევანია ჩვენთვის, ეს არის საპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესი. დრო გვჭირდება გასარკვევად, სად ვაგრძელებთ და ვისთან ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასოდეს მითქვამს, არ უთქვამს გედი ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და სხვებს. ჩვენ არ შეგვიცვლია ღირებულებათა სისტემა. ჩემი აზრით, შეიცვალა იმ ადამიანების ხედვა, ვისთან ერთადაც მოვდიოდი. ამიტომ დგას ეს არჩევანი პირადად ჩემთვის”,- განაცხადა ბესელიამ.

ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ თარიღს თუ როდის წავა პოლიტიკიდან უახლოეს დღეებში განცხადებს.

„ახლა მიჭირს ამის თქმა იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრები ამის თაობაზე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ის, რომ არცერთი ჩვენი ნაბიჯით, არცერთი ჩვენი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შევუწყობთ და არ მივეხმარებით, არამედ, ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუშალოთ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით უკან დაბრუნებას. ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

მსგავსი მასალები