მსოფლიო

Guardian-ის ზამთრის პოპულარული სასმელების ათეულის სათავეში ქართული ჭაჭაა

ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ზამთრის პოპულარული სასმელების ათეულის სათავეში ქართული ჭაჭაა. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია სხვადასხვა სასმელი, რომელიც ტრადიციულ საშობაო გლინტვეინთან ერთად, ზამთრის სუსხიან ამინდში ათბობს.

გამოცემა მკითხველს ჭაჭის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის და ქართულ საშობაო სუფრაზე მისი დალევის წესსაც აცნობს.

ჭაჭით სავსე ჭიქის მიჭახუნებასთან ერთად, აუცილებელია, თქვათ „გაუმარჯოს“,  – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ჭაჭას სოფლებში ყველა ოჯახში ხდიან.

„ეწვიეთ ნებისმიერ სოფელს საქართველოში. აქ ჭაჭას ყველა ოჯახში ხდიან. თქვენ აუცილებლად გაიძულებენ, დალიოთ ორი-სამი ჭიქა. ასეთები არიან ქართველები“, – ნათქვამია სტატიაში.

Guardian-ის ცნობით, ახლა თბილისში, თითქმის ყველა რესტორნის მენიუში შეხვდებით სახლის პირობებში გამოხდილ ჭაჭას.

„ერთი ჭიქის გასინჯვის შემდეგ, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რატომ უყვართ ჭაჭის სმა ქართველებს ზამთრის ცივ ღამეს“, – წერს Guardian-ი.

ჭაჭასთან ერთად, ზამთრის საუკეთესო სასმელებს შორის ბრიტანულ გამოცემაში დასახელებულია პოლონური ცხელი ლუდი, რომელსაც კრაკოვში დააგემოვნებთ. ასევე, ცნობილი დანიური გლინტვეინი იგივე გლოგი, რომელსაც შობის სურნელი აქვს. ნუსხაში შედის  ზამთრის სასმელები შვედეთიდან, ჩილედან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი მასალები