პოლიტიკა

გიორგი გახარია: ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე შედეგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციელების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მძიმე შემთხვევა მოხდა, თუმცა ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ქვეყანას ღირსეულად ემსახურება.

“ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ერთეული შემთხვევები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და მის ღირსებას”, – აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, გუშინ პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. იგივე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი – 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

მსგავსი მასალები