პოლიტიკა

გიორგი გახარია: ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება

„ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 „თუ სადმე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, ან რაიმე სახით შეუზღუდეს ჩვენს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე მკაცრი და სწრაფი რეაგირება გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე ერთ-ერთი დამკვირვებლისთვის, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა.

„ყველა, ვინც ვინმეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი მასალები