TOP

გიორგი გახარია: თუ ოპოზიციას ასეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს გავრილოვის თემაზე, ​დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები, ორი-სამი თვით ადრე იცოდნენ, ვინ ჩამოდიოდა

ოპოზიციამ ორი-სამი თვით ადრე იცოდა, ვინ ჩამოდიოდა, როდის და რატომ, შეეძლოთ, პარლამენტში ​დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქვეყანაში, როგორც ფაქტი, გვქონდა სისტემური ძალის, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრის მცდელობა. მცდელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ პარლამენტში შეჭრის ამ მცდელობას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი, გიდასტურებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ, რომელმაც ამდენი აღშფოთება გამოთქვა, ორი-სამი თვით ადრე იცოდა პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

„ძაან კარგად იცოდნენ, ვინ ჩამოდიოდა, როდის, რატომ და რა მიზნით. ოპოზიცია, როდესაც გავრილოვის თემაზე საუბრობს, რაც, რა თქმა უნდა, იყო შეცდომა და ეს შეცდომა მთავრობამ თუ პარლამენტმა, ვინც იყო ამაში დამნაშავე, იმ დღესვე, 18:00 საათზე გამოასწორა. ეს ღონისძიება იყო შეწყვეტილი, გავრილოვი იჯდა თვითმფრინავში და მიფრინავდა სადღაც, არ ვიცი, სად. ახლა ერთი რამ მითხარით, გავრილოვის ნებისმიერი სახის ქმედება აძლევს ვინმეს ლეგიტიმაციას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს?“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციაში იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული და ისინი საქართველოში არ შემოუშვეს.

„გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით. თუ ვინმეს, მათ შორის, ოპოზიციას ასეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს ამაზე, მათ შეეძლოთ, ამ ორი-სამი თვის განმავლობაში პარლამენტში ​დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები ოკუპაციის შესახებ კანონში და ეთქვათ, იცით რა, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოუშვათ, ეს არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი მასალები