TOP

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნების საკითხზე “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა “იმედი live”-ს ეთერში განაცხადა.  

„ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, რომ კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც ნიკა მელიას და არც არავისი ბედი ჩვენი ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ საუბრისას.

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ გულისხმობდა ნიკა მელიასა და გია ბარამიძეს შორის 14 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომლის შესახებაც “პრაიმტაიმი” წერდა.

როგორც ცნობილია, პარტიაში საკადრო ცვლილებები და მაისში დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები უნდა განეხილათ 14 მარტს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომის დაწყებამდე ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ნიკა მელიასა და გია ბარამიძეს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რის გამოც პოლიტსაბჭოს სხდომა 18 მარტისთვის გადაიდო.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას გია ბარამიძემ მასსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერი კამათი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ტექნიკური მიზეზით გადაიდო.

 

მსგავსი მასალები