Face-ამბები

ირმა ინაშვილი: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი და ვუსამძიმრებ მის ოჯახს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორ სპარტაკ ბუკიას შესახებ წერს, რომელიც გუშინ, სიმსივნით გარდაიცვალა.

 “ბევრი თემაა დღეს აქტუალური, მაგრამ ამ წუთებში ყველაზე მეტად ერთი ადამიანი- სპარტაკ ბუკია მაფიქრებს… ადამიანი, რომელსაც ყველა დადებითად ახასიათებს და რომელიც ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში საშინელი შტურმის ქვეშ აღმოჩნდა. კიდევ უფრო მეტად მაფიქრებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სისასტიკე, დაუნდობლობა, ცინიზმი, უსულგულობა… 

ისინი ფეისბუქ- ზომბები არიან, რომლებიც ყველას და ყველაფერს ჭამენ. ისინი იცინიან ყველასა და ყველაფერზე…  აბუჩად იგდებენ ყველას და ყველაფერს…

სამწუხარო ის არის, რომ შემდგომ ეტაპზე ფეისბუქ- ზომბების ამ ცინიზმს ავტომატურ რეჟიმში ჰყვება საზოგადოების სხვა ნაწილი… ისიც იწყებს სიცილს. გაუაზრებლად დასცინის ობიექტს, მსხვერპლს, რომელსაც არაფერი დაუშავებია…

ეს ბოროტი სიცილი, დაცინვა, ცინიზმი, შეურაცხყოფა გადადის გიჟურ ექსტაზში. მერე ფეისბუქ-ზომბები მსხვერპლის თრევით იღლებიან, ბეზრდებათ. უკვე შეჭამეს!

მე რამდენჯერმე გავიარე ეს საშინელი ლაბირინთი. ვიცი, რას ნიშნავს, როცა ცდილობენ დაცინვით მოგკლან… ახლა ვაქცინაც მაქვს- მოთმინება! როცა საჭიროა, შეტევაზე გადავდივარ!

მაგრამ სპარტაკ ბუკიას შემთხვევა სულ სხვა შემთხვევა იყო. ავადმყოფ ადამიანს ატკინეს გული. სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა. როგორც ამბობენ,- ძალიან წესიერი, კეთილი ადამიანი. სად ხართ ახლა, ფეისბუქ- ზომბებო, რატომ არ იცინით?!… საქმე იმაშია, რომ ვერავინ… ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ დავიცავით ეს წესიერი კაცი. ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი და ვუსამძიმრებ მის ოჯახს.

მსგავსი მასალები