საზოგადოება

კახა კალაძე: უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ…

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორია სრულად არ გადაიკეტება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე გზა ვარაზისხევის ბოლოდან “პიქსელის” შენობამდე დაიკეტება, რადგან ეს არის გზის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთი და კონტრაქტორთან ერთად იქ “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც” იმუშავებს.

კახა კალაძის განცხადებით, გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოდან იწყება. “როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია GWP-სთან, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ.

მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ გვესმის თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანად არ გადაიკეტის და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ასევე იწყება საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება, განათებების გამოცვლა, რეაბილიტაციის ფარგლებში მიწის ქვეშ ჩავა ელექტროგადამცემი ხაზები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი; 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდა და პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მსგავსი მასალები