საზოგადოება

კვლევა: შაქრის შემცველ სასმელს, მათ შორის ახალგამოწურულ წვენს კიბოს გამოწვევა შეუძლია

შაქრის შემცველი სასმელები, მათ შორის დამოწურული წვენები და გაზიანი სასმელები შესაძლოა კიბოს გაჩენის რისკს ზრდიდნენ. ამათ შორის კავშირის შესახებ მეცნიერული კვლევა British Medical Journal-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100 000 ადამიანი მონაწილეობდა. პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი სისხლში შაქრის დონეზე სასმელების გავლენა შეიძლება იყოს. თუმცა სპეციალისტები ზუსტი დასკვნის გაკეთებას ჯერ ერიდებიან, რადგან ამის ოფიციალური მტკიცებულებები არ აქვთ და ეს მეტი კვლევის საგანია.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში 100 მლ-ით მეტი შაქრის შემცველი სასმელის მიღების შემთხვევაში, კიბოს განვითარების რისკი 18%-ით იზრდება. საუბარია ისეთ სასმელზე რომელშიც შაქრის შემცველობა 5%-ზე მეტია, მათ შორის ცოცხლად გაწურულ წვენებზე.

კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილე ყოველ 1000 ადამიანში კიბოს 22 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო შაქრის შემცველი წვენების დღიურად 100 მლ-ით მეტის მიღების შემთხვევაში, სტატისტიკა 1000 ადამიანზე 26 სიმსივნით დაავადებული ადამიანით შეიცვალა. სულ კვლევაში მონაწილეებს შორის კიბოს 2,193 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის დაფიქსირდა მკერდის კიბოს 693, პროსტატის 291 და მსხვილი და სწორი ნაწლავის 166 კიბო შემთხვევა.

საბოლოოდ, სპეციალისტების მოსაზრებაა, რომ ადამიანები, რომლებიც დღიურად 30 მლ-ზე ნაკლებ შაქრის შემცველ წვენებს სვამენ, კიბოს განვითარების შედარებით დაბალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც დღიურად 100 მლ-ზე მეტს სვამს.

ახალგამოწურული წვენების მავნებლობის შესახებ კვლევის შედეგები ცნობილი მაისის ბოლოსაც გახდა.

მსგავსი მასალები