Face-ამბები

“მერე უბრალოდ თამაშობდა სიცოცხლობანას… წავიდა, რადგან იქ ოთარი ელოდებოდა”

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას ეხმაურება:

“პირველად 1995 წელს შევხვდი – უშუქობის გამო ,,პლეხანოველები” გზას ვკეტავდით. გურანდა მთელი უბნის თავიქალი იყო და ბავშვებსაც ის გვანაწილებდა, ვის სად უნდა გაგვემაგრებინა პოზიციები. მერე ავიდოდა სახლში და მთელი ,,მომიტინგეებისთვის” სადილი ჩამოჰქონდა. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი დიდი და გულწრფელი მეგობრობა.
ოთარმა ჩემი თავი შენ ჩაგაბარა და უნდა მომიაროვო – განა შეეძლო ვინმეს გურანდას მოვლა ისე როგორც ამას ოთარი აკეთებდა?! ყოველ საღამოს სპექტაკლის შემდეგ აკითხავდა თეატრში და თითჩაკიდებულები მიდიოდნენ შინ. ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი უნდოდათ. გურანდაც ოთართან ერთად წავიდა… მერე უბრალოდ თამაშობდა სიცოცხლობანას. თუ უყვარდა ვინმე, ბოლომდე უყვარდა, თუ არა და არა, რასაც ფიქრობდა იმას ამბობდა.

მისთვის ყველაზე დიდი დღესასწაული ოთარის დაბადების დღე იყო. არ დამავიწყდება ოთარის ბოლო იუბილე. სულ ხუთი კაცი ვიყავით – მე, დათო საყვარელიძე, მალხაზ მებურიშვილი, ოთარი და გურანდა. იქ შევიგრძენი, როგორ ავსებდნენ ერთმანეთს და რამხელა იუმორი ჰქონდა ოთარს. დაწყებული არ ჰქონდა რომელიმე ისტორიის მოყოლა, გურანდა უკვე სიცილით კვდებოდა. მერე გურანდა იწყებდა ისტორიას და ოთარი სიცილს… მივხვდი, რომ უჩვენოდ უფრო კარგ დროს გაატარებდნენ. რა ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება! 


ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე გამოვიდა სიტყვით მაქო, მადიდა, ამიყვანა ცაში და ბოლოს ასე დაამთავრა – მართალია, ოთარი ვერ არის, მაგრამ ისე კარგი ბიჭიაო.


ხშირად ვჩხუბობდით, მერე ვრიგდებოდით… არავის იუმორი ისე არ მახალისებდა, როგორც გურანდასი. ბოლომდე ხუმრობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მივედი სანახავად და ჩემი ცოლი დავალაპარაკე ტელეფონზე, რომელსაც შანდორ პეტეფის ცნობილი ლექსი ,,მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ…” ბოლომდე წაუკითხა. თეკლამ უთხრა, რა კარგად წაიკითხეთ, ქალბატონო გურანდა, გული ამიჩუყდაო, რა კარგია ჩემო გოგო, ესე იგი გაქვს გული, თორემ ხომ არ აგიჩუყდებოდაო…


მე დღეს ამიჩუყდა გული, იმიტომ რომ ნამდვილი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი დავკარგე. პროფესიაზე უგზოუკლოდ შეყვარებული არტისტი წავიდა, რადგან იქ ოთარი ელოდებოდა” – წერს ნიკა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.”

 
შეგახსენებთ, რომ მსახიობი გურანდა გაბუნია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

მსგავსი მასალები