საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს

შეწყალება ძალიან რთული პროცესია მაშინაც კი, როდესაც მარტივ საკითხებს ეხება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ის პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ ჩაერევა.

„მე პრეზიდენტის პრეროგატივაში ვერ შევიჭრები, ვერც ვარაუდებს გამოვთქვამ. ის ვიცი, რომ მე თვითონ ბევრჯერ მიმიმართავს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრეზიდენტისთვის შეწყალებაზე. ძალიან რთული პროცესია მაშინაც კი, როდესაც მარტივ საკითხებს ეხება, მაშინაც კი, როდესაც არ არის ასეთ მძიმე მკვლელობის ბრალდებით. მარტივ რაღაცაზე კი, პრეზიდენტის შეწყალება ძალიან ძნელი მისაღებია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიას არ აქვს დაინტერესება, დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში.

„მე არ ვიცი, როგორც ითქვა ეს პრეზიდენტისგან არა, არ მგონია ეს მამალაძის მიმართ იყოს ეს არა ნათქვამი. ეს იყოს საჩქაროდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნათქვამი არა. მე არ ვიცი რანაირად ხდება, შეწყალება საკმაოდ რთული თემაა, მე ერთი შემიძლია გითხრათ, არავითარი მოტივაცია ეკლესიაში არ გაგვაჩნია, რომ დეკანოზი მამალაძე იჯდეს ციხეში. სახელმწიფომ თვითონ გადაწყვიტოს. სინოდმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ მამა გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი შეიწყალებს. ღმერთი დეტალებშია და ეშმაკიც დეტალებშია, სწორად ვილაპარაკოთ და ყველაფერი კარგად იქნება. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. 2 დეკემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

მსგავსი მასალები