მსოფლიო

მთვარეზე ჩატანილმა მცენარის თესლმა ყლორტი გამოიღო

ჩინეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილმა მცენარის თესლმა ყლორტი გამოიღო – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული კოსმუსური სივრცის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, ყლორტი ბამბის თესლმა გამოიღო.

BBC-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიოლოგიური მატერია მთვარეზე გაიზარდა.

Chang’e 4 პირველი მისიაა, რომელიც მთვარეზე მისი შორეული მხარის გამოსაკვლევად დაეშვა და მიზნად მთვარის გეოლოგიის შესწავლას ისახავს.

მცენარეები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქამდეც გაუზრდიათ, თუმცა მთვარეზე არასდროს.

BBC წერს, რომ მთვარეზე მცენარის გაზრდას არსებითი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივვადიან კოსმოსურ მისიებში, მაგალითად მარსზე გასამგზავრებლად, რასაც დაახლოებით ორ წელიწად-ნახევარი დასჭირდება. ეს პოტენციურად იმას ნიშნავს, რომ ასტრონავტები თავად შეძლებენ საკვების გაზრდას და მარაგის შესავსებად დედამიწაზე დაბრუნება არ დასჭირდებათ.

ჩინეთის მისიამ მთვარეზე წაიღო მიწა, რომელშიც ბამბისა და კარტოფილის თესლი, საფუარი და ხილის ბუზის კვერცხები იყო განთავსებული.

მცენარეები იზოლირებულ კონტეინერშია განთავსებული. მათ უნდა შექმნან მინი-ბიოსფერო, რომელიც ხელოვნურ გარემოში გაიზრდება.

 

 

მსგავსი მასალები