სახლის დიზაინი

თუ რამდენიმე წესს გაითვალისწინებთ, შეძლებთ თავად შექმნათ ლამაზი, მოდური და მყუდრო ინტერიერი

როცა შინ ვბრუნდებით, ან სტუმრებს ველით, გვსურს, რომ ირგვლივ განსაკუთრებული სიმყუდროვე სუფევდეს და ყველაფერი თვალს ახარებდეს. ამისათვის კი საერთოდ არ არის აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერი მიიწვიოთ.

თუკი რამდენიმე წესს გაითვალისწინებთ, თავისუფლად შეძლებთ თავად შექმნათ ლამაზი, მოდური და მყუდრო ინტერიერი:

1. ჩამოყალიბდით შენობის დანიშნულებაში

პირველი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ იცოდეთ, რას უნდა ემსახუროს ესა თუ ის ოთახი. ვერანაირი ძვირად ღირებული რემონტი ან ავეჯი ვერ შექმნის სახლს საცხოვრებლად მყუდროს, თუკი მისი დიზაინი ცუდად არის ჩაფიქრებული. რით უნდა დაიწყოთ:

გაითვალისწინეთ თქვენი ცხოვრების წესი და ოჯახის ჩვევები, დღის განაწესი და საქმიანობა.

ჩამოთვალეთ და ჩამოწერეთ ის ოთახები, რომლებიც გჭირდებათ. ხანდახან დაგეგმარების დროს სულ მცირე ცვლილებამაც შეიძლება, დაგიმატოთ, მაგალითად, გარდერობის ოთახი ან კაბინეტი.

დაფიქრდით იმის შესახებ, რომელი ზონების შეთავსება იქნება შესაძლებელი (სამზარეულო-მისაღები, საძინებელი-გარდერობის ოთახი და ასე შემდეგ).

დახაზეთ სახლის გეგმა და განათავსეთ მასზე ავეჯი, რათა საუკეთესო ვარიანტი მონახოთ.

 

2. გააანალიზეთ ხასიათი და განწყობა

სანამ სახლის მოწყობას შეუდგებით, გააანალიზეთ, რა განწყობის შექმნა გსურთ შინ და რა გსურთ იგრძნოთ სახლში ყოფნისას – მოდუნდეთ თუ პირიქით, ენერგიაზე მოხვიდეთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ – ეს სახლი მხოლოდ თქვენთვის იქნება, თუ სტუმრებზეც გსურთ შთაბეჭდილების მოხდენა.

მოიფიქრეთ ფერთა გამა – მშვიდი თუ მკვეთრი? რა ფაქტურა და მასალა გსურთ იყოს ძირითადად თქვენს საცხოვრებელში – თბილი და ბუნებრივი, თუ პირიქით, ხელოვნური და პრიალა ზედაპირებით.

გამოიყენეთ მასშტაბების კონტრასტი – ანუ მასიური და პატარა ნივთების შეხამება. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ერთფეროვნება და შექმნათ მასტიმულირებელი ზემოქმედება. მთავარია, მათ რაღაც აერთიანებდეთ (ფორმა, ფერი, ფაქტურა).

 

3. სიმეტრია და ბალანსი ჰარმონიისთვის

თუკი ასიმეტრიული სახლი გაქვთ, თქვენ ორი გამოსავალი გაქვთ, რათა ინტერიერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს: შეეცადოთ შექმნათ სიმეტრიის ილუზიური შეგრძნება ან აქცენტი გააკეთოთ ასიმეტრიაზე, ოთახის გამორჩეულ ადგილებზე ხაზგასმით.

მოძებნეთ ოთახში ცენტრალური ფოკუს-წერტილი (მაგალითად, ბუხარი, ნახატი, ან ფანჯარა) და ააგეთ ინტერიერი მისგან გამომდინარე.

გამოიყენეთ ვერტიკალური ხაზები – ეს ვიზუალურად ამაღლებს ჭერს.

 

4. ფერი და ფაქტურა ყოველთვის ერთად მოიაზრება

ეს ორი კომპონენტი განურჩევლად მოიაზრება, რადგან ერთი მეორეს აღქმაზე მოქმედებს.

ცივი ფერები კარგია ზღვისპირა, თბილი რაონებისთვის. ჩრდილოეთის ქალაქში ან თუნდაც ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ოთახში ისინი, სავარაუდოდ, შეუფერებელი იქნება.

თბილი ფერები ქმნის შეგრძნებას, რომ ოთახში რამდენიმე გრადუსით მაღალია ტემპერატურა.

მკვეთრი ფერები შეუფერებელია აბაზანისა და საძინებლისთვის. ისინი უმჯობესია გამოიყენოთ იმ ოთახებში, სადაც მეტ დროს ატარებთ.

ინტერიერში ერთი დომინანტი ფერის გამოყენებისას მნიშვნელოვანია გაამრავალფეროვნოთ ფაქტურა, რათა თავი აარიდოთ მონოტონურობას.

 

5. განათება – ინტერიერის დიზაინის ყველაზე მგრძნობიარე შემადგენელი ნაწილია

სწორი განათება ჩვენს განწყობაზე აისახება და სრულიად ცვლის ატმოსფეროს შენობაში. შუქი ჩვენს ემოციებსა და აზრებზე მოქმედებს. განათების მეშვეობით შეგვიძლია რაც მოგვესურვება, ის შევქმნათ.

მაქსიმალურად გამოიყენეთ დღის განათება, ნუ ჩამოაბნელებთ ფანჯრებს.

გამოიყენეთ სარკეები. ისინი არა მხოლოდ შუქს ჰმატებენ ოთახს, არამედ ვიზუალურად ადიდებენ მას.

ხელოვნური შუქი ქმნის ატმოსფეროს, ამიტომაც გამოიყენეთ მთელი არსენალი: ლამფები თაროებზე, კედლის ბრები, ტორშერები და სანთლებიც კი. ყველაფერი ეს ოთახის ინტერიერს გაალამაზებს.

 

6. დეტალები განსაზღვრავს ინტერიერს

ეს არის ყველაფერი ის, რაც შენობას სწორედ თქვენს სახლად აქცევს. წინასწარ წარმოიდგინეთ საბოლოო შედეგი.

განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით კარადის შერჩევას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი ფერი და მასალა მთელ ოთახს თავის ტონში წაიყვანს.

სხვადასხვა ელემენტს შემაკავშირებელი მომენტები უნდა ჰქონდეს. მაგალითად, სხვადასხვანაირი ბალიშები – იდეალური საშუალებაა გააერთიანოთ ინტერიერის ყველა ფერი და ფაქტურა საერთო სქემის ქვეშ.

ფანჯრების დიზაინი – უმნიშვნელოვანესია ინტერიერში. აჯობებს აირჩიოთ ნეიტრალური ფერის ფარდები, რადგან ნაკლები იქნება იმის ალბათობა, უახლოეს მომავალში მოგბეზრდეთ.

ქსოვილი სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. მიაგდეთ სავარძელზე ვინტაჟური შალი. გამოიყენეთ პლედები, ბალიშები, გადასაფარებლები.

 

7. ირგვლი იქონიეთ ის, რაც გიყვართ

ყველა ჩვენგანი – საკუთარი ჩვევების ტყვე ვართ და ხშირად გვიჭირს გამოვემშვიდობოთ იმ ნივთებს, რომლებიც ჩვენში გარკვეულ ემოციებს იწვევს.
დაიწყეთ იმით, რომ გაათავისუფლეთ ყველა კედელი და ზედაპირი. ახლა კი განათავსეთ ყველა ჩვეული ნივთი ხელახლა, ოღონდ ისე, რომ არ გაიმეოროთ იგივე განლაგება.

სურათები ან ფოტოები, რომლებიც ძალიან მოგწონთ, თქვენი ოთახის მთავარი ნივთები უნდა გახდეს. განათება, ფერი და ავეჯის განლაგება – ყველაფერი ეს შეგიძლიათ მათი მიხედვით განათავსოთ.

არ დაკიდოთ სურათები ზედმეტად მაღლა. ისინი ბევრად ჰარმონიულად გამოჩნდება საშუალო სიმაღლის ადამიანის თვალების გასწვრივ.

თაროები საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა დიზაინში, რადგან არა მხოლოდ სახლის წესრიგში ყოფნაში გვეხმარება, არამედ მშვენიერი აქსესუარი და აქსესუარების დასადგმელიც გახლავთ.

ცოცხალ ყვავილებს განსაკუთრებული თვისება აქვს – ისინი შთაგვაგონებენ. ასე რომ, ყვევილები ინტერიერის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

წყარო: www.beaumonde.ge

 

 

 

მსგავსი მასალები